Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი ავარიაში მოყვა - არის მსხვერპლი

წინასწარი მონაცემებით, ტრანსპორტში 43 ადამიანი იმყოფებოდა.
წინასწარი მონაცემებით, ტრანსპორტში 43 ადამიანი იმყოფებოდა.

30 აგვისტოს, გვიან ღამით, რუსეთის ფედერალურ ტრასაზე „კავკაზი“, ქალაქ ჟელეზნოვოდსკთან, საქართველოდან მოსკოვისკენ მიმავალი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო „კამაზს“ შეეჯახა და ხევში გადავარდა.

შემთხვევის ადგილზე ხუთი ადამიანი დაიღუპა, ერთი ადამიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. 38 დაშავდა. დაშავებულები პიატიგორსკის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. მათ შორის 10 ბავშვია.

წინასწარი მონაცემებით, ტრანსპორტში 43 ადამიანი იმყოფებოდა.

რუსული პრესის ცნობით, ავტობუს „სეტრას“ მძღოლმა, რომელიც საქართველოდან მოსკოვის მიმართულებით მოძრაობდა, წინ მიმავალ „კამაზთან“ დისტანცია არ დაიცვა. რასაც შეჯახება მოჰყვა.

რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ტასს"-ი საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ მგზავრების ნაწილი საქართველოს მოქალაქეა:

„წინასწარი ინფორმაციით, ავტობუსში მყოფი თითქმის ყველა მგზავრი საქართველოს მოქალაქე იყო. ავტობუსი ქართულია და დგინდება, თუ რა სახის მგზავრობა იყო ეს“, - განუცხადეს სააგენტოს.

რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული რამდენიმეწამიან ვიდეოში ჩანს ავარიის შემდეგ დაზიანებული ავტობუსი:

საქართველოდან მოსკოვში მიმავალი ავტობუსის ავარია
please wait

No media source currently available

0:00 0:00:23 0:00

„საგზაო შემთხვევის დეტალური გარემოებები ზუსტდება“ - ამბობენ სტავროპოლის მხარის სახელმწიფო ავტოინსპექციაში.

სისხლის სამართლის საქმეები აღიძრა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლის მე-3 ნაწილით (უსაფრთხოების მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს მომსახურების გაწევა, რამაც ორი ან მეტი პირის უნებლიე სიკვდილი გამოიწვია) და რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 264-ე მუხლის მე-5 ნაწილით (საგზაო მოძრაობის წესების და სატრანსპორტო საშუალებების მართვის დარღვევა, რამაც ორი ან მეტი პირის უნებლიე სიკვდილი გამოიწვია).

მოგვიანებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს:

  • „რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექცია ახორციელებს ყველა საჭირო ღონისძიებას თბილისი–მოსკოვის მიმართულებით მოძრავ სამგზავრო ავტობუსში მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით“;
  • „საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ინფორმაცია განახლდა 31 აგვისტოს 10:00 საათზე საგარეო უწყების გამოხმაურებით.

ფორუმი

XS
SM
MD
LG