Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

CIA-ს დირექტორმა მოსკოვში ვიზიტისას ტრამპის, პუტინისა და ზელენსკის სამმხრივი შეხვედრის გამართვის იდეა წამოაყენა - Axios

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი
ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი

ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) დირექტორმა ჯონ რეტკლიფმა მოსკოვში თავისი მოულოდნელი ვიზიტისას რუსულ მხარეს აშშ-ის, უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სამმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა - ამის შესახებ გამოცემა Axios-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს.

სააგენტოს წყაროების ცნობით, რეტკლიფის ვიზიტი ნაწილობრივ ემსახურებოდა იმის დადგენას, შეეძლოთ თუ არა რუსეთის სადაზვერვო სამსახურების ხელმძღვანელებს ვლადიმერ პუტინის დარწმუნება, აშშ-ის შუამავლობით განახლებულიყო მოლაპარაკებები უკრაინასთან.

წყაროების ცნობით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა დაასკვნა, რომ FSB-ის ხელმძღვანელი ალექსანდრე ბორტნიკოვი „კონსტრუქციული მოთამაშე იყო, რომელსაც შეეძლო დიპლომატიური ძალისხმევის განახლებაში დახმარება“.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ პარასკევს ვაშინგტონმა ვოლოდიმირ ზელენსკის აცნობა მოსკოვის მოლაპარაკებებისა და რეტკლიფის სამმხრივი შეხვედრის წინადადების შესახებ. 28 აგვისტოს უკრაინის პრეზიდენტმა დაწერა, რომ კიევმა მიიღო ინფორმაცია მოსკოვის შეხვედრების შესახებ, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.

„ნიუ იორკ ტაიმსი“ (The New York Times) წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ბორტნიკოვთან შეხვედრისას ცსს-ს დირექტორმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის მდგომარეობის შესახებ საკუთარი „მძიმე შეფასება“ გააზიარა და განაცხადა, რომ, მისი აზრით, მოსკოვისთვის დროა, ომის დასრულებაზე სერიოზულ მოლაპარაკებებში ჩაერთოს.

რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტზე კომენტარის გაკეთებისას, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მას „ნახევრად რუტინული“, თუმცა არა სრულიად უმნიშვნელო მოვლენა უწოდა. როგორც მისი სიტყვებიდან ჩანს, მთავარი თემა უკრაინაში ომი იყო. ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ აშშ მისი დასრულებისკენ ისწრაფვის და აღნიშნა, რომ მისი აზრით, რუსეთისა და უკრაინის ლიდერებიც ამას მოისურვებენ.

ტრამპის ვარაუდით, ვიზიტმა შესაძლოა „რაღაც შედეგამდე მიიყვანოს“ და აშშ აგრძელებს „მუშაობას ომის დასასრულებლად“. სხვა დეტალები მას არ დაუკონკრეტებია.

კრემლის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოების დირექტორი მოსკოვში „სადაზვერვო სააგენტოებს შორის კონტაქტების დასამყარებლად“ ჩავიდა და რომ რეტკლიფსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა დაგეგმილი არ იყო.

  • 25 აგვისტოს, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი მოულოდნელი ვიზიტით მოსკოვში ჩავიდა და იქ რამდენიმე საათი გაატარა. სხვადასხვა მედიასაშუალებამ, როგორც რუსეთში, უკრაინაში, ასევე შეერთებულ შტატებში, გააშუქა რეტკლიფის მიერ განხილული შესაძლო თემები, მათ შორის რუსეთში შესაძლო მობილიზაცია, უკრაინის მიერ რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმების გაძლიერება, ირანთან ომი და მოსკოვის მიერ ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ შესაძლო პროვოკაცია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG