Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედია: გერმანია რუსეთს ლაიფციგის აეროპორტში დივერსიის მცდელობაში დასდებს ბრალს

პოლიციელი დამცავ აღჭურვილობაში ლაიფციგის აეროპორტში მუშაობს მას შემდეგ, რაც იქ ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს, გერმანია, 2026 წლის 5 აგვისტო
პოლიციელი დამცავ აღჭურვილობაში ლაიფციგის აეროპორტში მუშაობს მას შემდეგ, რაც იქ ასაფეთქებელი მოწყობილობით აღჭურვილი დრონი აღმოაჩინეს, გერმანია, 2026 წლის 5 აგვისტო

გერმანია აპირებს რუსეთი ლაიფციგის აეროპორტში დივერსიის მცდელობაში დაადანაშაულოს, სადაც აგვისტოს დასაწყისში ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონები აღმოაჩინეს.

წყაროებზე დაყრდნობით, Politico-სა და Welt am Sonntag-ის ცნობით, გერმანია მოსკოვის წინააღმდეგ „ფართომასშტაბიანი სანქციების“ დაწესებას ამზადებს.

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, სავარაუდოდ, განცხადებას მომავალი კვირის დასაწყისში გააკეთებს. წყაროებმა უარი თქვეს დაგეგმილი კონკრეტული სანქციების და მათი სამიზნეების დეტალების გამჟღავნებაზე.

25 აგვისტოს მერცმა განაცხადა, რომ ლაიფციგში სავარაუდო დივერსიის მცდელობისთვის პასუხისმგებელი პირები პასუხისგებაში მიეცემიან, თუმცა კონკრეტული ბრალდებები არ წაუყენებია.

აგვისტოს დასაწყისში, ლაიფციგის აეროპორტში, აეროპორტის სადგომის ტერიტორიაზე გაჩერებულ უკრაინულ An-124 სატრანსპორტო თვითმფრინავთან ახლოს, ასაფეთქებელი ნივთიერებებით დატვირთული დრონი გაანეიტრალეს.

მოგვიანებით გამომძიებლებმა დაასკვნეს, რომ სავარაუდო დივერსიის მცდელობაში რამდენიმე დრონი იყო ჩართული.

სამართალდამცავი ორგანოების ვერსიით, იმავე დღეს DHL-ის სატვირთო თვითმფრინავი აეროდრომიდან აფრენის შემდეგ უცხო საგანს შეეჯახა – ამაზე დაზიანების ხასიათი მიუთითებს. თუმცა, ვერც დრონი და ვერც მისი ნამსხვრევები ვერ იპოვეს. გამოძიება არ გამორიცხავს, რომ შეჯახების შემდეგ დრონი შესაძლოა ძრავებში მოხვედრილიყო და უმცირეს ნაწილებად დამსხვრეულიყო.

  • ლაიფციგის აეროპორტი მნიშვნელოვან როლს ასრულებს იარაღის ტრანსპორტირებაში, მათ შორის უკრაინის მხარდასაჭერად. 2024 წელს აეროპორტის ტერიტორიაზე მდებარე საფოსტო კომპანია DHL-ის ლოგისტიკურ ცენტრში აფეთქდა დიდი ბრიტანეთის მიმართულებით გაგზავნილი ამანათი. მსგავსი ამანათები დიდ ბრიტანეთსა და პოლონეთშიც აფეთქდა. გამოძიებამ დაასკვნა, რომ ეს იყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ მომზადებული ოპერაცია. ამჟამად ლიეტუვაში მიმდინარეობს სასამართლო პროცესი ამანათის ინციდენტთან დაკავშირებული დივერსიული ქსელის ხუთი სავარაუდო წევრის წინააღმდეგ.
  • რუსეთის უკრაინის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ გერმანიაში უპილოტო საფრენი აპარატების გამოვლენის შემთხვევები გახშირდა. მხოლოდ 2026 წლის პირველ ნახევარში გერმანიის აერონავიგაციის სამსახურმა უპილოტო აპარატების არასანქცირებული ფრენების გამო გერმანიის აეროპორტების მუშაობაში 145 შეფერხება დააფიქსირა.
  • უმეტეს შემთხვევაში, ამ დრონების ოპერატორების იდენტიფიცირება შეუძლებელია.

ფორუმი

XS
SM
MD
LG