Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპული ამოუცნობი ადამიანების მასობრივი დასაფლავება დაიწყო

მედიკოსებს ცხედრები შეაქვთ ჩიტვანის მორგში. ნეპალი. 30 აგვისტო, 2026 წელი
მედიკოსებს ცხედრები შეაქვთ ჩიტვანის მორგში. ნეპალი. 30 აგვისტო, 2026 წელი

ნეპალის ჩიტვანის რაიონი, რომელიც ცნობილია თავისი ტყეებითა და მდინარეებით, გახდა წყალდიდობის ასობით ამოუცნობი მსხვერპლის მასობრივი დაკრძალვის ადგილი.

დაახლოებით 750 ადამიანი დაიღუპა და 3 ათასზე მეტი დაკარგულად ითვლება მას შემდეგ, რაც მყინვარის ჩამოშლით გამოწვეულმა წყალდიდობამ ჰიმალაის ამ რეგიონის - ნეპალის ჩინეთთან საზღვრის გასწვრივ მდებარე ხეობები - წალეკა და კატასტროფული ზიანი მიაყენა მას.

ხელისუფლებამ, რასუვის წყალდიდობით განადგურებული ხეობებიდან თითქმის 200 კილომეტრის დაშორებით, ჩიტვანში, დევღატის ტყეში ასობით საფლავი გათხარა.

ბოლო დრომდე ტყის ბილიკები სასეირნო, პოპულარული ადგილი იყო. ახლა იქ იმ ცხედრების დროებითი სამარხებია, რომელთა ამოცნობა გახრწნის გამო შეუძლებელია.

„სხვა არჩევანი არ დაგვრჩა და ეს ნაბიჯი უნდა გადაგვედგა. ჩვენი საზრუნავი იყო საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის საფრთხე, რომელსაც ცხედრების სწრაფი გახრწნა ქმნიდა“, - განაცხადა ბარატპურის (ჩიტვანი) ხელისუფლების წარმომადგენელმა განეშ არიამ.

ხელისუფლებამ შაბათს ტყეში დაასაფლავა 96, ხოლო კვირას 100-ზე მეტი სხვა ამოუცნობი ცხედარი.

სამაშველო ჯგუფები მდინარეებიდან და ნანგრევების გროვებიდან მსხვერპლთა ცხედრების გამოტანას განაგრძობენ.

დაახლოებით 100 მაშველი, პოლიციელი და სხვა ოფიციალური პირი მონაწილეობდა დაღუპულთა დოკუმენტირებაში, ნაშთების გადაღებაში, იდენტიფიკაციის დროს ნათესავების დახმარებასა და ცხედრების დაკრძალვისთვის მომზადებაში.

ხელისუფლებამ განაცხადა, რომ თითოეული სამარხი საგულდაგულოდაა აღნუსხული, საიდენტიფიკაციო ნიშნები განთავსებულია როგორც მიწის ზემოთ, ისე მიწის ქვეშ, და მითითებულია ზუსტი ადგილმდებარეობის მონაცემები.

ნეპალის ხელისუფლებამ ამოუცნობი მიცვალებულებისგან დნმ-ის ნიმუშები შეაგროვა, რაც საშუალებას მისცემს მას იპოვონ და ექსჰუმაცია გაუკეთონ ნაშთებს, თუ მსხვერპლთა იდენტიფიცირება მოგვიანებით მოხდება ოჯახის მოთხოვნის, ოფიციალური ჩანაწერების ან გენეტიკური ტესტირების საშუალებით.

ინდოეთმა უკვე გაგზავნა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც იმუშავებს ნეპალელ კოლეგებთან დნმ-ის ნიმუშების ანალიზზე. ნეპალს კონტაქტი აქვს ჩინეთის შესაბამის ჯგუფებთან.

სამაშველო ოპერაციები და დაღუპულთა ცხედრების ძებნა გრძელდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG