სააპელაციო სასამართლოში საქმეს განიხილავდა მოსამართლე გიორგი კერატიშვილი - ის მხარეებს თითქმის ერთი საათის განმავლობაში უსმენდა.
მან მსჯავრდებულ კირვალიძეს ჰკითხა, რატომ თქვა საპროცესო შეთანხმების გაფორმებისთვის 24 ივნისის გამართულ სხდომაზე, რომ უარს ამბობდა შეთავაზებულ პირობებზე:
„ავღელდი და ეს ყველაფერი გამოიწვია ამან... რომ ვეთანხმებოდი, ხელი მოვაწერე... [ვაღიარებ ახლა და ვინანიებ], კი... სპორტსმენი ვარ, ბავშვები მყავს ახალციხეში, დღეებს ვითვლი, რომ შევხვდე მათ... ვღელავ, ცუდად ვარ...“ - მისი აღელვების გამო მოსამართლემ რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოაცხადა.
ბრალდებულს წყალი მიუტანეს, რის შემდეგაც მან სხდომის დატოვება ითხოვა. მოსამართლემ თქვა, რომ განხილვა დასრულდა, განაჩენის გამოცხადებამდე კი სათათბიროდ გადიოდა.
განახლებულ სხდომაზე გიორგი კირვალიძე აღარ დაბრუნებულა. მის შესახებ გადაწყვეტილება მის გარეშე გამოცხადდა.
„რეალურად, სხდომა დასრულებული არ იყო, განაჩენი კანონიერ ძალაში არ იყო შესული გიორგი კირვალიძის მიმართ - მან სხდომაზე მყისიერად განაცხადა უარი საპროცესო შეთანხმებაზე, მისი სიტყვები იყო, რომ არ აღიარებდა დანაშაულს. დიახ, წინაპირობაა დანაშაულის აღიარება, რომლის დარღვევის შემთხვევაში დაუშვებელია საპროცესო შეთანხმების გაფორმება.
არაერთხელ ვკითხე მას დღევანდელ სხდომაზე და მე პირადად არ შემექმნა შთაბეჭდილება მისი გულწრფელი აღიარებაზე. მან ისაუბრა სულ სხვა გარემოებაზე... შეწყალების უფლებით შეგიძლიათ ისარგებლოთ“, - თქვა მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა საპროცესო შეთანხმების გაუქმების შემდეგ.
„ამოწყდით“, - გაისმა დარბაზში მოსამართლის ამ სიტყვების შემდეგ.
მოსამართლის განმარტებით, გიორგი კერატაშვილს ე.წ. წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადის ათვლა დაწყებულია მისი დაკავების მომენტიდან, 9 ოქტომბრიდან. ეს ვადა 9 ივლისს იწურებოდა, თუმცა როგორც მოსამართლემ თქვა, ამ ვადაში არ ჩაითვლება კერატიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებიდან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე პერიოდი (24 ივნისი - 31 აგვისტო). გამოდის, რომ საქალაქო სასამართლოს ახალი განაჩენის მისაღებად დაახლოებით 15 დღე აქვს.
მანუჩარ მიქელაძის საქმე
სააპელაციო სასამართლოში მიმდინარე სხდომაზე იმავე საქმეზე დაკავებული მანუჩარ მიქელაძის საქმეც განიხილებოდა. სხდომის გახსნამდე მას დარბაზში ადვოკატი ესაუბრა: აინტერესებდა, ხომ არ გადაწყვიტა, საპროცესო შეთანხმების გაფორმება. მან ამ შეთანხმების გაფორმება პირველი ინსტანციის სასამართლოშიც სურდა, შემდეგ კი გადაიფიქრა.
მანუჩარ მიქელაძე პრეზიდენტის სასახლის დაცვის თანამშრომელზე ძალადობას აღიარებს, თუმცა აღნიშნავს, რომ ეს იყო მისი პერსონალური პასუხი გინებაზე, რომელიც მისგან მისი მისამართით მოისმინა. ის თანახმა იყო ეღიარებინა დანაშაული და საპროცესო შეთანხმება გაფორმებულიყო, თუკი პროკურატურა ბრალს გადაკვალიფიცირდება ძალადობად.
სააპელაციო საჩივრის შინაარსიც მსგავსია:
- ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ ჯგუფური ძალადობის კვალიფიკაცია შეცვლილიყო ძალადობად (225-ე მუხლი 126-ე მუხლად);
- შემცირებულიყო 5-წლიანი სასჯელი.
მიქელაძე ამბობდა, რომ 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილ დემონსტრანტებს პროვოკაცია მოუწყვეს: რკინის ღობე გადაჭრილი იყო, ეზოში მყოფი დაცვის თანამშრომლები კი მათ აგინებდნენ.
„რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები განაჩენს - ეს იყო პროვოკაცია, სასახლის თანამშრომლები გვაყენებდნენ შეურაცხყოფას. ეს იყო პასუხი, რასაც ყველა ქართველი გასცემდა კონკრეტულ ერთ ადამიანს, რომელმაც გამოიწვია პროვოკაცია და იგინებოდა, ამაზე იყო ჩემი პასუხი“, - თქვა მანუჩარ მიქალაძემ სხდომაზე.
მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მანუჩარ მიქელაძის სააპელაციო საჩივარიც არ დააკმაყოფილა და შესაბამისად ძალაში დარჩა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მას 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
როგორ გაფორმდა საპროცესო შეთანხმება
საპროცესო შეთანხმების საკითხს სასამართლო „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის“ 212-ე მუხლით განიხილავს. შეთანხმების გასაფორმებლად აუცილებელია წარდგენილი ბრალის აღიარება:
„საპროცესო შეთანხმება უნდა გაფორმდეს წერილობით და დამტკიცდეს სასამართლოს მიერ. საპროცესო შეთანხმება უნდა აისახოს სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენში“.
გიორგი კერატიშვილსა და მასთან ერთად კიდევ 11 პირს საპროცესო შეთანხმება 24 ივნისს გაუფორმეს - საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მახარობლიძემ ყველა ბრალდებულს ცალ-ცალკე ჰკითხა: ცნობდნენ თუ არა თავს დამნაშავედ წარდგენილ ბრალში და სურდათ თუ არა საპროცესო შეთანხმების გაფორმება. „დიახ“ - უპასუხა 12-მა ბრალდებულმა.
რატომ მოითხოვა პროკურატურამ შეთანხმების გაუქმება
საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე რამდენიმე წუთით ადრე, 24 ივნისს პირობებზე უარი თქვა მანუჩარ მიქელაძემ:
„მე არ ვარ დამნაშავე. დამნაშავეა ის, ვინც ამ ქვეყანას მომავალს უკლავს!.. მე მოვიხდი ვალს ჩემი ქვეყნის წინაშე და შერცხვება იმას, ვინც ამათ ემსახურება და ჭანჭიკები არიან…“
მას 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
სწორედ მანუჩარ მიქელაძის მიმართვის შემდეგ წარმოთქმული გიორგი კირვალიძის სიტყვები გახადა პროკურატურამ სადავო, რის გამოც მოითხოვა საპროცესო შეთანხმების გაუქმება.
იმ დღეს საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე უარი განაცხადა გიორგი კირვალიძემაც და ბიძინა ივანიშვილის მისამართით შეიგინა. ის სხდომათა დარბაზიდან მაშინვე გაიყვანეს.
მას შეთანხმება გაუფორმდა, რადგან მისი ეს რეპლიკა მას შემდეგ გაჟღერდა, რაც მოსამართლეს გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.
რა ხდება საპროცესო შეთანხმების გაუქმების შემთხვევაში?
საქმე განსახილველად ბრუნდება საქალაქო სასამართლოში - ამ გადაწყვეტილებას იღებს სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.
საპროცესო კოდექსის 214-ე მუხლში წერია, რომ თუკი საპროცესო შეთანხმება გაუქმდება, „დაუშვებელია ბრალდებულის მიერ მიცემული ჩვენების მის საწინააღმდეგოდ გამოყენება“ - ამ შემთხვევაში იგულისხმება ამ შეთანხმებისთვის საჭირო აღიარება.
გიორგი კირვალიძის ადვოკატმა ბორის ყურუამ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე თქვა, რომ ასეთ შემთხვევაში, როცა ბრალი აღიარებულია და „დაცვის სტრატეგია უარყვეს“, უტყუარად „გამამტყუნებელ განაჩენამდე მივყავართ“.
„მშვიდობიანი დამხობის“ საქმე
სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა.
ამ დღეს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.
ამ საქმეზე ბრალი 64 ადამიანს წაუყენეს - ყველას, ვინც საპროცესო შეთანხმებაზე უარი თქვა, პატიმრობა მიუსაჯეს, მხოლოდ ერთს, მარიამ მეყანწიშვილს - 5000 ლარიანი ჯარიმა.
ფორუმი