Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

7 ადამიანი დაიღუპა კიევში რკინიგზის დეპოს დაბომბვის შედეგად

თავდასმა იყო უკრაინის სხვა ქალაქებზეც
თავდასმა იყო უკრაინის სხვა ქალაქებზეც

1 სექტემბრის ღამეს კიევზე რუსეთის მიერ განხორციელებული ბალისტიკური თავდასხმა მიმართული იყო სარკინიგზო დეპოსა და „უკრზალიზნიციას“ სხვა ობიექტებისკენ - ამის შესახებ გადამზიდავი კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ალექსანდრ პერცოვსკიმ, სამშაბათს დილით განაცხადა.

„ბალისტიკურმა დარტყმამ 7 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, მათგან 6 ჩვენი თანამშრომელია. ერთი დაშავებული კოლეგა საავადმყოფოში იმყოფება, მასთან მყოფი ჩვენი თანამშრომლები საჭირო დახმარებას უწევენ. ათეულობით ადამიანმა მოასწრო თავშესაფრებში ჩასვლა", - დაწერა მან Facebook ის გვერდზე.

პერცოვსკის განცხადებით, თავდასხმის შედეგად, მათ შორის, განადგურდა საამქრო. ორ მონაკვეთზე მოძრაობა შეჩერდა.

„ამჟამად რკინიგზის თანამშრომლები მუშაობენ თავდასხმის შედეგების აღმოფხვრასა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაზე“,- ნათქვამია „უკრზალიზნიციას“ პრესსამსახურის განცხადებაში.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური აზუსტებს რომ კიევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 5 დაშავდა, მათ შორის 3 ბავშვი. კერძოდ, დარნიცის რაიონში 7 ადამიანი დაიღუპა, ერთი ადამიანი კი მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფოში იმყოფება.

კიდევ ერთი ადამიანი დაიღუოა გოლოსივის რაიონში..

მანამდე კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაცია დედაქალაქზე თავდასხმის შედეგად სამი დაღუპულისა და ხუთი დაშავებულის შესახებ იტყობინებოდა. ასევე, კიევის ოლქის ქალაქ ბორისპოლში ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაშავდა.

რუსი სამხედროები რეგულარულად, სხვადასხვა ტიპის შეიარაღების გამოყენებით, უპილოტო საფრენი აპარატებით, რაკეტებით, მართვადი საავიაციო ბომბებით (КАБ) და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებით თავს ესხმიან უკრაინის ქალაქებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ქვეყნის ყველა რეგიონში.

უკრაინის ხელისუფლება და საერთაშორისო ორგანიზაციები ამ თავდასხმებს რუსეთის ფედერაციის სამხედრო დანაშაულებად აფასებენ და ხაზს უსვამენ, რომ მათ მიზანმიმართული ხასიათი აქვთ.

მოსახლეობის სიცოცხლის უზრუნველსაყოფად საჭირო ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო დაწესებულებების დაბომბვა, რომლის მიზანია ადამიანებისთვის ელექტროენერგიის, გათბობის, წყალმომარაგების, კავშირის, სამედიცინო დახმარებისა და ცხოვრებისათვის აუცილებელი სხვა პირობების ჩამორთმევა, გენოციდური ქმედებების ნიშნებს წარმოადგენს.

რუსეთის ხელმძღვანელობა უარყოფს, რომ სრულმასშტაბიანი ომის დროს რუსული არმია მიზანმიმართულად ესხმის თავს უკრაინის ქალაქებისა და სოფლების სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, კლავს მშვიდობიან მოსახლეობას და ანადგურებს საავადმყოფოებს, სკოლებს, საბავშვო ბაღებს, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ობიექტებს.



ფორუმი

XS
SM
MD
LG