Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავიაკომპანია Pegasus-მა უკან მიაბრუნა მოსკოვისკენ მიმავალი რამდენიმე თვითმფრინავი

საილუსტრაციო ფოტო. თვითმფრინავი რეიგანის სახელობის აეროპორტის თავზე. არლინგტონი, 9 ოქტომბერი, 2025.
საილუსტრაციო ფოტო. თვითმფრინავი რეიგანის სახელობის აეროპორტის თავზე. არლინგტონი, 9 ოქტომბერი, 2025.

თურქულმა ავიაკომპანია Pegasus-მა 1-2 სექტემბრის ღამეს უკან მიაბრუნა მოსკოვისკენ მიმავალი რამდენიმე თვითმფრინავი და თურქეთსა და რუსეთს შორის ათეულობით რეისი გააუქმა. გაუქმდა რეისები სტამბოლიდან, ანტალიიდან, იზმირიდან და დალამანიდან რუსეთის ქალაქების მიმართულებით და საპირისპირო მიმართულებითაც. რამდენიმე რეისი გააუქმა Turkish Airlines-მაც.

მოგვიანებით Pegasus-მა ოფიციალურად განმარტა რეისების გაუქმება „ტექნიკური და ოპერაციული მიზეზებით“ და განაცხადა, რომ 2 სექტემბრიდან რუსეთში ფრენები განრიგით განხორციელდებოდა. ამასთან, შეტყობინებაში, რომელიც მანამდე მიიღეს ერთ-ერთი გაუქმებული რეისის მგზავრებმა, მიზეზად დაასახელეს მარშრუტზე უსაფრთხოების მოსაზრებები. მგზავრებს შესთავაზეს მგზავრობის გადადება ან თანხის დაბრუნება.

რეისები გაუქმდა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააფრთხილა ავიაკომპანიები და სადაზღვევო კომპანიები, რომ „რუსეთის ცა სრულიად არაუსაფრთხო ხდება“. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საპასუხოდ ამ სიტყვებს უწოდა „სახელმწიფო ტერორიზმზე განაცხადი“.

1-2 სექტემბრის ღამეს, უპილოტო საფრენი აპარატების საფრთხის გამო, შეზღუდვები დაწესდა მოსკოვის აეროპორტებში. გაუქმდა ან გადაიდო 80-მდე რეისი. მოსკოვის დროით დილის 6 საათისთვის „როსავიაციამ“ განაცხადა შეზღუდვების მოხსნის შესახებ.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ღამის განმავლობაში რუსეთის 11 რეგიონისა და ანექსირებული ყირიმის თავზე ჩამოაგდეს 130 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი.


ფორუმი

XS
SM
MD
LG