Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცნობილია „იმედის“ იმ თანამშრომლების ვინაობა, რომლებთანაც ელიზბარაშვილს კონფლიქტი მოუვიდა

 შაკო კუჭაშვილი, ნიკა კლდიაშვილი და სანდრო გამსახურდია
შაკო კუჭაშვილი, ნიკა კლდიაშვილი და სანდრო გამსახურდია

ცხოველთა უფლებადამცველის, თამაზ ელიზბარაშვილის სისხლის სამართლის წესით დაკავების საქმეში მოწმეებად „იმედის“ თანამშრომლები ფიგურირებენ. შაკო კუჭაშვილმა მონაწილეობა თავად დაადასტურა.

კუჭაშვილს „იმედის“ სოციალურ ქსელში პოდკასტი „FAKE კონტროლი“ მიჰყავს. ინფორმირებული წყარო რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ ამავე საქმეში ფიგურირებენ პოდკასტის თანაწამყვანები ნიკა კლდიაშვილი და სანდრო გამსახურდია. გამსახურდია „იმედის კვირისთვისაც“ ამზადებს სიუჟეტებს.

კუჭაშვილთან, გამსახურდიასა და კლდიაშვილთან ერთად კიდევ ვინ იმყოფებოდა 30 აგვისტოს რესტორან „სხვაში“, რადიო თავისუფლებამ ამ ეტაპზე ვერ გაარკვია:

  • არც თამაზ ელიზბარაშვილის ადვოკატი ლექსო სვიმონიშვილი და არც შაკო კუჭაშვილი არ ასახელებენ იმ პირების ვინაობას, რომლებიც ამ საქმეში ფიგურირებენ.
  • არცერთ მათგანს არ უარუყვია, რომ საქმეში ფიგურირებენ კლდიაშვილი და გამსახურდიაც.

რადიო თავისუფლება ცდილობდა სანდრო გამსახურდიასთან დაკავშირებას. მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

რას ჰყვება შაკო კუჭაშვილი?

მისი თქმით, რესტორან „სხვაში“ თამაზ ელიზბარაშვილთან სიტყვიერი კონფლიქტი მოუვიდა, რადგან „წარსულში ჩემი და ჩემი ოჯახის წევრებზე შეურაცხმყოფელი კომენტარი ჰქონდა დაწერილი“:

„ინციდენტში, ვითარების განმუხტვის მიზნით, ჩემი მეგობრებიც ჩაერთნენ. შემთხვევა არ გასცდენია სიტყვიერ კამათს - არც გინებას, არც შეურაცხყოფას და, მით უფრო, ხელით შეხებას ადგილი არ ჰქონია. ელიზბარაშვილს მოვუწოდე, რომ მომავალში თავი შეეკავებინა ჩემი და, მით უმეტეს, ჩემი ოჯახის შეურაცხყოფისგან. მისი ასაკის გათვალისწინებით, მომხდარი უსიამოვნობის გამო ბოდიშიც კი მოვუხადე და ვუთხარი, კონფლიქტი ამოწურულად ჩაგვეთვალა“.

კუჭაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ არც მას და არც მის მეგობრებს პოლიცია არ გამოუძახებიათ, თუმცა ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ჩვენება მისცეს.

  • თამაზ ელიზბარაშვილი სისხლის სამართლის წესით არის დაკავებული - მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლომ დღეს, 4 სექტემბერს, უნდა იმსჯელოს;
  • მის წინააღმდეგ საქმე აღიძრა სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით: მუქარა და იარაღის უკანონო ტარება. ელიზბარაშვილს ბრალი მხოლოდ მუქარის მუხლით წაუყენეს, რისთვისაც 1 წლამდე პატიმრობაა გათვალისწინებული;
  • თამაზ ელიზბარაშვილი 1 სექტემბერს საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ჩხრეკის ჩატარების დროს პოლიციამ ადმინისტრაციული წესით დააკავა - მას ედავებიან ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას: პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას;
  • რამდენიმე საათით ადრე ის და მისი ოჯახი პოლიციამ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილში ყოფნის დროს შეაყოვნა - მაშინ გაირკვა, რომ
  • გამოძიება, რომლის ფარგლებშიც ჩხრეკა ჩატარდა, დაწყებულია 30 აგვისტოს რესტორან „სხვაში“ პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებთან მომხდარი ინციდენტის გამო;
  • 31 აგვისტოს თამაზ ელიზბარაშვილმა ფეისბუკგვერდზე დაწერა: „ტვ იმედის თანამშრომლებო, წუხელ ლისზე, რესტორან „სხვაში“ ჩემთან ძალიან შეგეშალათ. დღის ბოლომდე გაძლევთ დროს ბოდიშის მოსახდელად“;
  • მას შემდეგ, რაც ელიზბარაშვილი პოლიციამ შეაჩერა, მისი ცოლი ფეისბუკის პირდაპირ ეთერში ჩაერთო და მოყვა, რა უძღოდა საგამოძიებო მოქმედებების დაწყებას;
  • მისი სიტყვებით, 30 აგვისტოს რესტორანში ყოფნის დროს, როცა თამაზ ელიზბარაშვილი ხელის დასაბანად გავიდა, „8 კაცი დახვდა“ და მისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვდნენ რუსების გინების გამო. ამ კომუნიკაციაში გაირკვა, რომ ისინი სახელისუფლებო ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლები იყვნენ;
  • ელიზბარაშვილის სიტყვებით, „იმედის“ და იმ მოძალადეების დაკვეთით პოლიცია ჩემს ოჯახზე ახორციელებს ტერორს... პოსტი რომ დავწერე, პოლიციამ ხომ წაიკითხა?! - რეაგირება არ ჰქონიათ. სამაგიეროდ, ამ მოძალადეებიდან რვავე მივიდა პოლიციაში, დაწერა განცხადება და ეგრევე გამოვარდა პოლიცია“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG