Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკი გამოდის რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკების წინადადებით, აშშ-ის წარმომადგენლებთან "არსობრივი" დისკუსიის შემდეგ

ჯარედ კუშნერი, სტივ უიტკოფი და ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე, 2026 წლის 6 სექტემბერი
ჯარედ კუშნერი, სტივ უიტკოფი და ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე, 2026 წლის 6 სექტემბერი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოვიდა რუსეთთან სამმხირივი მოლაპარაკების განახლების მოწოდებით, მას მერე, რაც კიევში დაასრულა მოლაპარაკება აშშ-ის ადმინისტრაციის საგანგებო წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან.

კიევში ჩასვლამდე უიტკოფი და კუშნერი მოსკოვში იყვნენ და კრემლში შეხვდნენ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს. მათი ტურნე მიზნად ისახავს ომის დასრულების გზების ძიებას.

6 სექტემბერს კიევში გამართულ დისკუსიას ზელენსკიმ და უიტკოფმა "არსობრივი" უწოდეს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მხარეებმა, მათ შორის, განიხილეს უსაფრთხოებისა და კიევისთვის ეკონომიკური გარანტიების მიცემის საკითხები, უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის რაკეტების მიწოდება, ასევე დახმარების პაკეტის გამოყოფა, ომის ფონზე კიდევ ერთი ზამთრის მოახლოების გამო.

უიტკოფის განცხადებით, აშშ-ის სურს კონფლიქტის გადაწყვეტის დიპლომატიური გზა გამოინახოს და არა კინეტიკური. კუშნერი, როგორც ჩანს, მხარს უჭერს ზელენსკის მოწოდებას განახლდეს მოლაპარაკება კიევს, მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის.

კიევში მოლაპარაკების მსვლელობისას ზელენსკიმ ტელეგრამით დაწერა, რომ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და გერმანიის წარმომადგენლები.

უიტკოფი და კუშნერი კიევში პოლონეთიდან ჩავიდნენ მატარებლით. ეს მათი პირველი ვიზიტია უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

მატარებლის სადგურზე აშშ-ის წარმომადგენლებს დახვდნენ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი, კირილო ბუდანოვი, საგარეო დაზვერვის ოფისის ხელმძღვანელი, რუსტემ უმეროვი და საპარლამენტო ფრაქცია "ხალხის მსახურის" ხელმძღვანელი, დავიდ არახამია. მოგვიანებით უიტკოფი და კუშნერი შეხვდნენ პრეზიდენტ ზელენსკის.

მანამდე უიტკოფმა და კუშნერმა სამ საათზე მეტხანს გაგრძელებული მილაპარაკება გამართეს კრემლში, რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან. თეთრი სახლის წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას აცნობა, რომ მხარეებმა განიხილეს "კონკრეტული გეგმები შემდეგ ნაბიჯებზე, რომლებიც უახლოეს კვირებში გამოცხადდება".

ფორუმი

XS
SM
MD
LG