ეს მნიშვნელოვანი ზრდაა არათუ წინა, არამედ 2024 წლის მაჩვენებელთან, - საპარლამენტო არჩევნების პერიოდთან შედარებითაც:
2024 წლის ნოემბრის დასაწყისისთვის რეზერვები $4 მლრდ-მდე შემცირდა, - IMF-ის „ადეკვატურობის ზღვარს“ ქვემოთა ნიშნულამდე. მას შემდეგ რეზერვები გაორმაგდა.
ბოლო მონაცემები
საქართველოს ეროვნული ბანკის (სების) მიერ 7 სექტემბერს გამოქვეყნებული მოკლე ინფორმაციის თანახმად, - რომელიც 2026 წლის აგვისტოს შეჯამებულ მონაცემებს ეყრდნობა, - მთლიანი საერთაშორისო რეზერვები წლიურ ჭრილში 56.4%-ით გაიზარდა.
ხოლო წინა თვესთან შედარებით საერთაშორისო რეზერვები $613 მლნ დოლარით გაიზარდა. აქედან $135 მლნ მოდის უკვე არსებული მონეტარული ოქროს ღირებულების ზრდაზე.
„გაუმჯობესდა რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებლებიც“, - წერს სები და განმარტავს, რომ „საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი 128.2 პროცენტს შეადგენს“.
მონეტარული ოქრო 14.1%-ს შეადგენს
სავალუტო რეზერვების ამ მოცულობაში ითვლება ოქროც, - რაც სებმა პირველად 2024 წელს შეისყიდა „რეზერვების დივერსიფიკაციის“ ახალი პოლიტიკის ფარგლებში.
„მას შემდეგ ოქროს ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რამაც საერთაშორისო რეზერვების მოცულობის დამატებით ზრდას შეუწყო ხელი“, - წერს სები.
- 2026 წლის ივნისში სებმა მთლიანი საერთაშორისო რეზერვებისთვის დამატებით 100 მლნ აშშ დოლარის ღირებულების მონეტარული ოქრო შეიძინა;
- 2026 წლის აგვისტოს მდგომარეობით, ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება წინა თვესთან შედარებით 135 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 1.149.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
- მონეტარული ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო რეზერვებში 14.1%-ს შეადგენს.
ზრდა რეკორდული შემცირების შემდეგ
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის, - ოქტომბრის ბოლოს, - საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო რეზერვები ერთი წლის ვადაში $1.03 მილიარდით შემცირდა და $4,08 მლრდ შეადგინა.
ამ წლიური, რეკორდული შემცირების დიდი წილი 2024 წლის ოქტომბერზე მოდიოდა - თვეზე, როდესაც საქართველოში გაიმართა საპარლამენტო არჩევნები, რასაც როგორც ხელისუფლება, ისე ოპოზიცია „გადამწყვეტად“ მიიჩნევდნენ.
მხოლოდ 2024 წლის ოქტომბერში სავალუტო რეზერვებმა $627 მილიონით დაიკლო, - რეკორდულია ერთ თვეში რეზერვების ამ დონით კლებაც.
- ეროვნული ბანკი დოლარის გაყიდვის მიზეზად წინასაარჩევნოდ „აჟიოტაჟის პრევენციას“ ასახელებდა;
- სები ასევე ამბობდა, რომ საჭირო იყო, „ცალკეული მსხვილი ტრანზაქციების მხრიდან ლარის კურსზე ზეწოლა“ გაენეიტრალებინათ.
რას ამბობს სები?
ეროვნული ბანკი წერს, რომ რახან „საერთაშორისო რეზერვები ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის მნიშვნელოვანი გარანტორია“, „საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ყოველთვის მიმართულია რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურ მართვაზე“.
„როდესაც სავალუტო ბაზარი და მაკროეკონომიკური მდგომარეობა ამის შესაძლებლობას იძლევა ეროვნული ბანკი სავალუტო რეზერვებს ავსებს“, - წერია 7 სექტემბრის პრესრელიზში.
- 2026 იანვარ-ივლისში ჯამურად წმინდა შესყიდვებმა 2.566.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა;
- 2026 წლის აგვისტოს წმინდა შესყიდვების სტატისტიკა 25 სექტემბერს გამოქვეყნდება.
ფორუმი