Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარტია „გირჩი“ სახელს იცვლის

„გირჩმა“ (N36) გადაწყვიტა სახელი შეიცვალოს.
„გირჩმა“ (N36) გადაწყვიტა სახელი შეიცვალოს.

პოლიტიკური პარტია „გირჩი“, რომელიც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 36-ე ნომრად ასპარეზობდა, აცხადებს, რომ მიიღო გადაწყვეტილება, სახელი შეიცვალოს.

„გადავწყვიტეთ, ეს დავასრულოთ და გადავშალოთ პოლიტიკური ცხოვრების ახალი ფურცელი – დავირქვათ ის, რაც რეალურად ვართ, სულ ვიყავით და მომავალშიც ვიქნებით: თავისუფალი ხალხის პარტია“, - წერს „გირჩი“ 7 სექტემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

გადაწყვეტილების მიზეზად პარტია ასახელებს „გაუგებრობას“, რაც პოლიტიკური გაერთიანების ყოფილი ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ შექმნილი მეორე პარტიის, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ სახელს უკავშირდება.

  • 2026 წლის 7 სექტემბრისთვის, პარტიების რეესტრში ხვიჩია-რაქვიაშვილის პარტია რეგისტრირებულია, როგორც „ახალი პოლიტიკური ცენტრი“; „გირჩი“ შემოკლებული დასახელებაა.
  • ზურაბ ჯაფარიძის „გირჩი - მეტი თავისუფლების“ გარდა, „გირჩი“ არის 2024 წლის საარჩევნო „კოალიციის“ დასახელებაშიც: „კოალიცია ცვლილებისთვის გვარამია მელია გირჩი დროა“.

„გაუგებრობა“

„ჩვენი მოწინააღმდეგეები ამ გაუგებრობას შესანიშნავად იყენებენ და ხან რას გამოაცხადებენ ჩვენს ნათქვამად თუ პოზიციად და ხან – რას“, - წერს „გირჩი“ და დასძენს:

„არის შემთხვევები, როდესაც ისეთ ვინმეს წარმოაჩენენ ჩვენს ძმად ან აქტივისტად, რომელსაც არანაირი კავშირი არ გააჩნია არც ჩვენთან და არც თავისუფლებასთან. ეს ყველაფერი ხალხს არასწორ წარმოდგენას უქმნის ჩვენზე და, ამავდროულად, აზიანებს იმ იდეას, რის გამოც თავის დროზე ჩვენი პარტია შეიქმნა“.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება „გირჩის სათათბიროს“ ეკუთვნის.

„გირჩის“ გაყოფა

2020 წლის დეკემბერში, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ საჯაროდ განაცხადა, რომ ემიჯნება პარტიის თანადამფუძნებლებსა და ლიდერებს - ვახტანგ მეგრელიშვილს, იაგო ხვიჩიასა და სანდრო რაქვიაშვილს.

ჯაფარიძემ დაპირისპირების მიზეზებსა და დეტალებზე საუბარს თავი აარიდა და განაცხადა, რომ მათთან ურთიერთობის დალაგება ბევრჯერ სცადა, თუმცა მხოლოდ მაშინ დაინახა, რომ ეს შეუძლებელია.

ჯაფარიძემ მალევე დააარსა პარტია „გირჩი — მეტი თავისუფლება“, ხოლო პარტია (სახელითა და სხვადასხვა რესურსით) „გირჩი“ დანარჩენმა ლიდერებმა დაიტოვეს. ეს ორი პარტია დღემდე დაპირისპირებულია ერთმანეთს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG