მოსკოვმა მათ რუსეთის მოქალაქეობა 2024 წელს ჩამოართვა და ქვეყანაში შესვლა 2049 წლის 18 მარტამდე აუკრძალა. მათთვის გადაცემულ დოკუმენტში აღნიშნული იყო, რომ აკრძალვის მოქმედების პერიოდში რუსეთის საზღვრის გადაკვეთა სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით, საზღვრის უკანონო გადაკვეთად შეფასდებოდა.
რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დადგენილებაში მოქალაქეობის ჩამორთმევის მიზეზად რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ქმედებები სახელდებოდა. საუბარი იყო „რუსეთის საზღვართან დაძაბულობის გამწვავებისკენ მიმართულ მოქმედებებზე“.
მულდაროვი, სანაკოევი და მედოევი საქართველოსთან ე.წ. სახელმწიფო საზღვრის ახალი რუკის მიხედვით დადგენას უჭერდნენ მხარს, რაც თბილისის მიმართ დამატებითი „ტერიტორიული პრეტენზიების“ საფუძველი შეიძლებოდა გამხდარიყო. მულდაროვი ე.წ. საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიასაც ხელმძღვანელობდა.
დავით სანაკოევი წარსულში ოკუპირებული რეგიონის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. 2008 წლის აგვისტოს ომის დროს სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით მის მიმართ დაკავების ორდერი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ გასცა.
რუსეთის მიერ დაწესებული შეზღუდვების შემდეგ სამივე პოლიტიკოსს ე.წ. საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა შეეზღუდა.
ცოტა ხნის წინ მათთვის რუსეთის მოქალაქეობის აღდგენის ინიციატივით ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ყოფილი ე.წ. პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი გამოვიდა. მოსახლეობასთან შეხვედრისას მან ეს საკითხი გააჟღერა და რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველ მოადგილეს, სერგეი კირიენკოს მიმართა. კირიენკო კრემლში ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებებს კურირებს.
რუსეთმა მსგავსი შეზღუდვები, მოქალაქეობის ჩამორთმევა და ქვეყანაში შესვლის აკრძალვა, ოკუპირებულ აფხაზეთში ოპოზიციონერ პოლიტიკოს კან კვარჩიასაც დაუწესა.
ფორუმი