Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინასთან ომში დაიღუპა ბელგოროდის ყოფილი მერი, რომელიც ფრონტზე საპატიმროდან გაგზავნეს

ფოტო არქივიდან. ქალაქ ბელგოროდის ყოფილი მერი კონსტანტინ პოლეჟაევი
ფოტო არქივიდან. ქალაქ ბელგოროდის ყოფილი მერი კონსტანტინ პოლეჟაევი

რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე და ამ რეგიონის ადმინისტრაციული ცენტრის, ქალაქ ბელგოროდის ყოფილი მერი კონსტანტინ პოლეჟაევი უკრაინის წინააღმდეგ ომში დაიღუპა. ეს ცნობა რუსულმა მედიასაშუალებებმა 22 სექტემბერს გაავრცელეს პოლეჟაევის ახლობლებზე დაყრდნობით.

  • კონსტანტინ პოლეჟაევმა, რომელიც ქრთამის აღების ბრალდებით იყო გასამართლებული, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი 2024 წელს გააფორმა და კოლონიიდან გაათავისუფლეს უკრაინის წინააღმდეგ საომრად წასვლის სანაცვლოდ.

ბელგოროდის ყოფილი მერის დაღუპვის შესახებ, მის ახლობლებზე დაყრდნობით, პირველმა დაწერა რუსულმა გამოცემა „ფონარმა”. ინფორმაცია პოლეჟაევის ახლობლებმა დაუდასტურეს გამოცემა „კომერსანტსაც”. არსებული ცნობებით, პოლეჟაევმა სასიკვდილო ჭრილობები მიიღო დრონით შეტევის შედეგად.

დამოუკიდებელ გამოცემა „პეპელს” მოჰყავს ომის მხარდამჭერი ერთ-ერთი რუსული ტელეგრამ-არხის ავტორის, ალექსეი კარგაპოლცევის მიერ გავრცელებული ცნობა, რომ კონსტანტინ პოლეჟაევი დაიღუპა არა უკრაინის ტერიტორიაზე, არამედ რუსეთის ბელგოროდის ოლქში.

  • რუსეთის ამ რეგიონს, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, უკრაინის თავდაცვის ძალები ყოველდღე უტევენ.

კონსტანტინ პოლეჟაევი ქალაქ ბელგოროდის მერი იყო 2015-2019 წლებში. შემდეგ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის მოადგილედ დანიშნეს. ამ თანამდებობიდან 2023 წლის ივლისში დაითხოვეს „მოვალეობების სისტემატურად შეუსრულებლობისთვის”.

მალევე პოლეჟაევი რუსეთის უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დააკავა. გამოძიების თანახმად, მან ერთ-ერთი სამშენებლო კომპანიის დირექტორისგან ქრთამად აიღო 17 მილიონი რუბლის ღირებულების ორი ავტომობილი. სასამართლომ პოლეჟაევს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

2024 წლის აგვისტოში პოლეჟაევმა თავად გამოაცხადა, რომ რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტი გააფორმა და მზად არის თავისი „სიცოცხლე გაწიროს”.

ფორუმი

XS
SM
MD
LG