„[საზოგადოებრივ მრჩეველთა] საბჭოს წარვუდგინე დირექტორობის ახალი კანდიდატი - ლევან ჯორბენაძე, რომელიც ყველა იდეის განხორციელებაში დაგვეხმარება“, - დაწერა ვატო წერეთელმა „ფეისბუკში“ და თანამშრომლებთან, მათ შორის ტელეწამყვანებთან ინგა გრიგოლიასთან და ზაალ უდუმაშვილთან შეხვედრის დროს გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
როგორც ტელეკომპანიის დირექტორის მოადგილემ, მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანმა ზაალ უდუმაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ კითხვა არ გასჩენიათ, რატომ ხდება დირექტორი პოლიტიკიდან მოსული ადამიანი.
„ლევან ჯორბენაძე სანამ პარტიაში წავიდოდა, მანამდე იყო ჟურნალისტი წლების განმავლობაში. მას პოლიტიკის გარდა სხვა გამოცდილებაც აქვს“, - ამბობს უდუმაშვილი.
მას ვკითხეთ, ჯორბენაძის ტელევიზიაში გადასვლა, ხომ არ ნიშნავს „ლელოს“ პოზიციების გაძლიერებას.
„ლევან ჯორბენაძის მოსვლა არ ნიშნავს რომელიმე პოლიტიკური პარტიის გავლენების შემოსვლას ტელევიზიაში... ჩვენს ტელევიზიაში ძალიან ბევრია წარმოდგენილი დიდი დოზით, იმის მიხედვით, თუ ვინ როგორ აქტიურობს“, - ამბობს ზაალ უდუმაშვილი, რომელიც წლების „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენდა, შემდეგ კი ჟურნალისტიკაში, „TV პირველის“ წამყვანად დაბრუნდა.
რადიო თავისუფლება ცდილობს ლევან ჯორბენაძესთან დაკავშირებას. მან სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. „ლელოში“ ამბობენ, რომ ჯორბენაძე პარტიას ტოვებს.
ლევან ჯორბენაძემ ჟურნალისტური კარიერა 2000 წელს დაიწყო. სხვადასხვა დროს მუშაობდა „დილის გაზეთში“, პირველ არხზე, „რუსთავი 2“-სა და „იმედში“. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, 2012 წელს, ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს, მუშაობა დაიწყო თავდაცვის სამინისტროში, შემდეგ გახდა პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ პრესსამსახურის უფროსი, ბოლო წლებში კი „ლელოს“ სტრატეგიული კომუნიკაციების სამსახურს ხელმძღვანელობს.
კიდევ ერთი სიახლე „TV პირველზე“
როგორც არხის მფლობელმა, ვატო წერეთელმა განაცხადა ტელევიზიის „ახალ ეტაპზე გადასვლისა“ და „ახალი მედიასტანდარტის დანერგვის“ დრო დადგა, რის გამოც იქმნება საზოგადოებრივ მრჩეველთა საბჭო, რომელსაც თავად წერეთელი უხელმძღვანელებს.
საბჭოს წევრები ასევე იქნებიან:
- ირაკლი მელაშვილი;
- დოდო შონავა;
- გიორგი მშვენიერაძე;
- გია ხუხაშვილი;
- დავით ძიძიშვილი;
- ირაკლი აფაქიძე;
- ზაალ უდუმაშვილი;
- ინგა გრიგოლია;
- თამარ ჯინჭარაძე.
ტელეარხზე დაგეგმილი ცვლილებები საჯარო რეესტრში ჯერ [23 სექტემბერი, 13:00 სთ] არ ასახულა.
ფორუმი