Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეორადი ჩარიცხვების მსურველთა 27% სტუდენტი მაინც ვერ გახდა

პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები გახდნენ აბიტურიენტები, რომლებსაც ქართულ ენაში 2 ქულა აქვთ მიღებული (საილუსტრაციო ფოტო).
პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები გახდნენ აბიტურიენტები, რომლებსაც ქართულ ენაში 2 ქულა აქვთ მიღებული (საილუსტრაციო ფოტო).

გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა ე.წ. მეორადი ჩარიცხვების შედეგები, რომლის მიხედვითაც, მსურველთა 27% მაინც ვერ გახდა სტუდენტი - ვერც უმაღლეს სასწავლებელში და ვერც კოლეჯში.

მეორადი ჩარიცხვის პროცესში მონაწილეობის უფლება ჰქონდა 4010 აბიტურიენტს, მათგან 1715 დარეგისტრირდა:

  • ჩააბარა - 1242-მა (73%) აბიტურიენტმა;
  • ვერ ჩააბარა - 473-მა (27%).

მეორად ეტაპზე:

  • ჩარიცხული აბიტურიენტების უმრავლესობა, 812 აბიტურიენტი (312 სახელმწიფო სასწავლებლებში) უნივერსიტეტის სტუდენტი გახდა;
  • პროფესიულ სასწავლებლებში ჩააბარა - 408-მა.

მეორადი ჩარიცხვით:

  • საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესიულ ცოდნას სახელმწიფოს სრული დაფინანსებით მიიღებს სტუდენტი, რომელსაც ქართული ენის გამოცდაში 60-დან 3 ქულა აქვს მიღებული. სწავლება ქართულ ენაზე იქნება;
  • სახელმწიფოს დაარსებულ კოლეჯში, „ინფორმაციული ტექნოლოგიების აკადემიაში“ „კომპიუტერულ ქსელებსა და სისტემებს“ უფასოდ შეისწავლის აბიტურიენტი, რომელსაც ქართულის გამოცდაში 2 ქულა აქვს მიღებული;
  • საავიაციო უნივერსიტეტში საჰაერო ხომალდების ოპერატიული ტექნიკური მომსახურების მიმართულებით პროფესიულ განათლებას მიიღებს სტუდენტი, რომელსაც ქართულში 2 ქულა აქვს მიღებული.

ყველაზე მეტი სტუდენტი მიიღეს:

  • სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტმა - 110 აბიტურიენტი;
  • აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა (ქუთაისი და ფოთი) - 103;
  • საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტმა - 90;
  • საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა - 65;
  • საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტმა - 61.

საპატრიარქოს წმინდა ტბელ აბუსერისძის სახელობის უნივერსიტეტი აჭარაში, შუახევის რაიონში, სოფელ ხიჭაურში მდებარეობს.

ამ უნივერსიტეტში:

  • ბიზნესის ადმინისტრირებას ისწავლის სტუდენტი, რომელსაც მათემატიკის გამოცდაში 12 ქულა (მაქსიმალური ქულა იყო 51) აქვს მიღებული;
  • ისტორიას ისწავლიან ის სტუდენტები, რომლებსაც ამ საგნის გამოცდაში 14-15 ქულა (მაქსიმალური ქულა იყო 60) აქვთ მიღებული;
  • ქართულ ენაში მიღებული 14 ქულით (მაქსიმალური ქულა იყო 60) სტუდენტები გახდნენ სამართლისა და საჯარო მმართველობის მიმართულებით.

2026 წელს ეროვნულ მისაღებ გამოცდებზე რეგისტრირებული იყო 39 ათასზე მეტი აბიტურიენტი, უმაღლესში (ბაკალავრიატი) (პირველადი ჩარიცხვით) ჩაირიცხა 31 704 ადამიანი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG