Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოვიდით გარდაცვლილი ფეხბურთელის მამამ პროტესტი შეწყვიტა - პროკურატურაში სამუშაო ჯგუფი იქმნება

პროკურატურაში შეხვედრისა და დაპირების მიღების შემდეგ კოვიდ 19-ით გარდაცვლილი ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროტესტი შეწყვიტა
პროკურატურაში შეხვედრისა და დაპირების მიღების შემდეგ კოვიდ 19-ით გარდაცვლილი ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროტესტი შეწყვიტა

პროტესტის შემდეგ კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდა ფეხბურთელის მამა, ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი გენერალურ პროკურორს შეხვდა და ამ საკითხზე სამუშაო ჯგუფის შექმნის დაპირება მიიღო.

„მივაღწიეთ იმ შედეგს, რომელიც უნდა დამდგარიყო ცოტა უფრო ადრე“, - განუცხადა გაიოზ ჩარკვიანმა ჟურნალისტებს 24 სექტემბერს, გენერალურ პროკურორ გიორგი გვარაკიძესთან შეხვედრის შემდეგ.

თავის მხრივ, პროკურატურამ განაცხადა: „შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო გააგრძელებს სისხლის სამართლის საქმის შესწავლას, რაშიც ჩართული იქნება გაიოზ ჩარკვიანი და შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას“.

24 სექტემბერსვე გაიოზ ჩარკვიანს, - რომელიც ცნობილი ადვოკატია, - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ასოციაცია იმედოვნებს, რომ ადვოკატ გაიოზ ჩარკვიანის გარშემო არსებული სამართლებრივი პროცესი კანონით დადგენილი წესით მიიღებს საბოლოო სახეს“, - განაცხადეს ორგანიზაციაში.

გენერალურ პროკურორთან შეხვედრის შემდეგ გაიოზ ჩარკვიანა განაცხადა, რომ პროტესტს წყვეტს და სამუშაო ჯგუფს დაეხმარება.

2021 წელს, 20 წლის ასაკში გარდაცვლილი ვახტანგ ჩარკვიანის მამამ შიმშილობა 2026 წლის 22 სექტემბერს გამოაცხადა შვილის გარდაცვალების „სათანადოდ გამოძიებისა“ და მედიკოსთათვის პასუხისმგებლობის დაკისრების მოთხოვნით.

  • ვახტანგ ჩარკვიანი 2021 წლის 10 სექტემბერს, მკურნალობის დაწყებიდან ერთი თვის შემდეგ, ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა. კლინიკაში ის 11 აგვისტოს კოვიდ-სასტუმროდან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა.
  • ჩანაწერების თანახმად, ბიჭს ნახველში სისხლი ჰქონდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თავდაპირველად შეფასდა დამაკმაყოფილებლად. თუმცა ექიმების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ მალევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას მიენიჭა „საყურადღებო“ სტატუსი.
  • ოჯახი ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალების გარემოებების სათანადოდ გამოძიებას წლებია, ითხოვს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG