Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შსს: დავაკავეთ „ნაცისტურ-ფაშისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი

დაკავებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.
დაკავებული პირობითი მსჯავრის ქვეშ იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, პოლიციამ არასრულწლოვანების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ბრალდებით დააკავა „ნაცისტურ-ფაშისტური“ იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი. გამოძიების ვერსიით, ის დანაშაულის ორ ეპიზოდში ფიგურირებს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დაკავებული დავით ჯაფაროვია.

„აღნიშნულ დანაშაულებში მონაწილე პირთა ნაწილი სასჯელს უკვე იხდის პენიტენციურ დაწესებულებაში... არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ფიზიკური და ფსიქიკური იძულების, ასევე, ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო ბრალდებულის თანამოაზრეებმა მობილური ტელეფონითაც გადაიღეს ინტერნეტსივრცეში განთავსების მიზნით“, - აცხადებენ უწყებაში.

  • პირველი საქმე: „2023 წელს მისი ნაცნობი მოტყუებით წაიყვანა თბილისში მდებარე ერთ-ერთ მიტოვებულ ტერიტორიაზე, სადაც სხვადასხვა ბლაგვი საგნის გამოყენებით ჯგუფურად ფიზიკურად იძალადეს, ასევე, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა განახორციელეს არასრულწლოვნის მიმართ“;
  • მეორე საქმე: „2025 წელს ბრალდებულმა ორგანიზება გაუწია კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად განხორციელებულ ძალადობას, ასევე, დამამცირებელ და არაადამიანურ მოპყრობას“.

უწყების ცნობით, ბრალდებული, რომელიც პირობითი მსჯავრით იყო გათავისუფლებული, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

არასრულწლოვანების მიმართ ძალადობის ბრალდებით სხვადასხვა დროს დააკავეს ნაცისტური ჯგუფის 20-ზე მეტი წევრი:

  • 2026 წლის იანვარში შსს-ში თქვეს, რომ რადიკალური ფაშისტური (ნეონაცისტური) დაჯგუფების წევრობის ბრალდებით ქვეყნის მასშტაბით 16 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 10 არასრულწლოვანი. ამ საქმეში დაზარალებულია 10-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ოთხი არასრულწლოვანი.
  • უწყებაში სწორედ მაშინ ისაუბრეს დავით ჯაფაროვზე, რომელიც 2025 წლის გაზაფხულზე დააკავეს. ამავე ბრიფინგზე გაჟღერდა ლევან აბესაძის სახელი. მას 15 წლის ბიჭის წამების საქმეზე 10-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG