სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 27 სექტემბერს ღრმა წუხილი გამოხატა უკრაინის მიერ ინფორმაციის ცალმხრივად, წინასწარი კონსულტაციების გარეშე გამჟღავნებისა და კიევის ცრუ უარყოფის გამო, რომ კონფიდენციალურობის დაცვაზე შეთანხმება არ ყოფილა.
სეულში მიიჩნევენ, რომ ეს აზიანებს ურთიერთნდობას და ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს. სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, განიხილავენ საჭიროების შემთხვევაში დამატებითი ზომების მიღებას.
სააგენტო Reuters-მა კომენტარისთვის მიმართა სეულში უკრაინის საელჩოს, თუმცა პასუხი არ მიუღია.
- უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 23 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ ახლახან უკრაინამ სამხრეთ კორეას გადასცა ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვე.
ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომში დასახმარებლად სამხედრო მოსამსახურეები 2024 წელს გაუგზავნა მას შემდეგ, რაც უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოპერაცია დაიწყეს რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში. 2025 წლის იანვარში უკრაინამ ორი ჩრდილოკორეელი სამხედროს დატყვევების შესახებ განაცხადა.
სეულის და კიევის უთანხმოება
უკრაინის მიერ ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნება გააკრიტიკა სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა ლი ჯე მიონმა.
მან 24 სექტემბერს, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე ზელენსკის გამოსვლის შემდეგ, კიევი დაადანაშაულა ფაქტის საიდუმლოდ შენახვაზე მიღწეული შეთანხმების დარღვევაში და განაცხადა, რომ ჩრდილოკორეელი ტყვეების რეპატრიაციის საკითხი უკიდურესად დელიკატურია და შესაძლოა, სერიოზული შედეგები ჰქონდეს დიპლომატიისა და ეროვნული უსაფრთხოებისთვის.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის შეფასებით, მან, ვინც პირადი პიარის გამო ფაქტი საჯარო გახადა, ანგარიში არ გაუწია სხვადასხვა გარემოებას, მათ შორის ორი კორეის ურთიერთობების მდგომარეობას.
გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე უკრაინის პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების ყოფილი მთავარსარდლის, დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩის, ვალერი ზალუჟნის მედია-მრჩეველმა ოკსანა ტოროპმა ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა, რომ კიევს და სეულს ჰქონდათ შეთანხმება, არ გაემჟღავნებინათ უკრაინის მიერ სამხრეთ კორეისთვის ჩრდილოკორეელი ტყვეების გადაცემა.
ტოროპის პოსტს მოჰყვა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის, დმიტრო ლიტვინის კომენტარი, რომ მსგავსი შეთანხმება არ არსებობდა.
პრეზიდენტ ზელენსკის ოფისში გამოცემა „რბკ-უკრაინას“ განუცხადეს, რომ კიევს ფაქტის დამალვის პირობა არავისთვის მიუცია და როცა საქმე ტყვეებს ეხება, არასდროს არაფერს მალავენ.
გამოცემა Korea JoongAng Daily-ის წყაროთა თანახმად, კიევმა სეულს წინასწარ შეატყობინა, რომ შეთანხმების მიუხედავად, პრეზიდენტი ზელენსკი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე იტყოდა ორი ჩრდილოკორეელი სამხედრო ტყვის გათავისუფლების შესახებ.
სამხრეთ კორეის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 27 სექტემბერს განაცხადეს, რომ სეულისთვის ჩრდილოკორეელი ტყვეების გადაცემის საიდუმლოდ შენახვა თავად კიევის მოთხოვნა იყო, რათა მათ გათავისუფლებას უკრაინაში არ გამოეწვია კრიტიკა, რომ ხელიდან გაუშვეს უკრაინელ ტყვეებში მათი გაცვლის შესაძლებლობა.
სეულის თანახმად, ფაქტის საიდუმლოდ შენახვას დასთანხმდნენ თავად ტყვეებისა და მათი ოჯახების უსაფრთხოების ინტერესების და საკითხის დიპლომატიური და ჰუმანიტარული ასპექტების გათვალისწინებით.
ფორუმი