Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Yandex-ი კვების ონლაინ-პლატფორმებს უჩივის, საკითხს კონკურენციის სააგენტო სწავლობს

Yandex-თან დაკავშირებული კომპანია Wolt-სა და Glovo-ს კონკურენციის შეზღუდვაში ადანაშაულებს.

შპს „დელივერი ტექნოლოჯის საქართველოს“ საჩივრის საფუძველზე კონკურენციის სააგენტომ მზა საკვების ონლაინ პლატფორმების ბაზრის მოკვლევა დაიწყო.

Yandex-ის პრეტენზია Wolt-ისა და Glovo-ს რესტორნებთან და კვების სხვა ობიექტებთან გაფორმებულ შეთანხმებებს ეხება, რომლებიც, მომჩივნის მტკიცებით, ობიექტებს სხვა ონლაინ პლატფორმებთან თანამშრომლობას უზღუდავს.

„დელივერი ტექნოლოჯის საქართველოს“ შეფასებით, ასეთი პრაქტიკა ახალ მოთამაშეებს ბაზარზე შესვლას ურთულებს და კონკურენციას ზღუდავს. კომპანია მიიჩნევს, რომ Wolt-ისა და Glovo-ს ქმედებები შესაძლოა „კონკურენციის შესახებ“ კანონის მე-6 მუხლს ეწინააღმდეგებოდეს (დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება).

რეესტრის მონაცემებით, შპს „დელივერი ტექნოლოჯის საქართველოს“ 100%-იანი წილის მფლობელია არაბთა გაერთიანებულ საამიროებში რეგისტრირებული Y.E. Holding Limited-ი, ხოლო დირექტორი სომხეთის მოქალაქე არამ მხითარიანია. Y.E. Holding Limited-ი Yandex-ის საერთაშორისო სერვისებთან დაკავშირებული რამდენიმე კომპანიის მფლობელია.

Yandex Eats-ის საქართველოში მუშაობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია 2026 წლის თებერვალში გავრცელდა. მაშინ კომპანიის ადგილობრივი ოპერაციების ხელმძღვანელი „გლობალურ გადაწყვეტილებაზე“ საუბრობდა, თუმცა მოგვიანებით Yandex Georgia-მ განაცხადა, რომ საქართველოში მიტანის სერვისის ოპერაციების შეწყვეტას არ გეგმავდა.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, ამ დროისთვის უწყება ოთხ საქმეზე ახორციელებს მოკვლევას.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG