Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დუბაი-თელ-ავივის ავიარეისზე ინციდენტის გამო ტერაქტის მცდელობის ვერსია არსებობს

ავიაკომპანია FlyDubai-ს თვითმფრინავი(საილუსტრაციო ფოტო არქივიდან)
ავიაკომპანია FlyDubai-ს თვითმფრინავი(საილუსტრაციო ფოტო არქივიდან)

ისრაელის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ავიაკომპანია FlyDubai-ს სამგზავრო თვითმფრინავში 30 სექტემბერს მომხდარი ინციდენტი ტერაქტის მცდელობას უკავშირდება. ამის შესახებ ისრაელის რამდენიმე მედიასაშუალება და ამერიკული ტელეკომპანია CNN-ი წერენ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.

არაბთა გაერთიანებული საამიროების ავიაკომპანია FlyDubai-ს სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც დუბაი-თელ-ავივის რეისს ასრულებდა, 30 სექტემბერს დილით განგაშის სიგნალი გაგზავნა, შემდეგ კი იძულებული გახდა საუდის არაბეთში, ტაბუკის აეროპორტში დაშვებულიყო. თვითმფრინავში 170-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.

ავიაკომპანიამ დაადასტურა, რომ ბორტზე ინციდენტი მოხდა და განაცხადა, რომ მგზავრები უსაფრთხოდ არიან და მათთვის სარეზერვო თვითმფრინავი გაგზავნეს. მოგვიანებით კომპანიამ განმარტა, რომ ეს ინციდენტი პილოტების კაბინაში დაპირისპირება იყო.

მანამდე ისრაელის და დასავლეთის მედიასაშუალებები წერდნენ, რომ თვითმფრინავის პილოტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. ისრაელის მე-12 არხმა და გამოცემა Ynet-მა სპეცსამსახურებში თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით დაწერეს, რომ მეორე პილოტმა თვითმფრინავზე კონტროლის მოპოვება და მისი ჩამოგდება სცადა, რასაც წინააღმდეგობა გაუწია პირველმა პილოტმა და შემდეგ - ზოგიერთმა მგზავრმაც.

გამოცემა Times of Israel-ი წერს, რომ თვითმფრინავის ბორტზე გადაღებულ ვიდეოში ჩანს დაჭრილი(სავარაუდოდ, დანით) პირველი პილოტი, რომელსაც მგზავრები დახმარებას უწევენ და გაკოჭილი მეორე პილოტი, რომელიც სავარაუდოდ, უგონოდაა.

ინციდენტის გამო ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია.

30 სექტემბერს საღამოს Flydubai-ს სარეზერვო თვითმფრინავმა თელ-ავივის აეროპორტში ჩაიყვანა მგზავრები ისრაელიდან.
30 სექტემბერს საღამოს Flydubai-ს სარეზერვო თვითმფრინავმა თელ-ავივის აეროპორტში ჩაიყვანა მგზავრები ისრაელიდან.

განახლება: ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ დაადასტურა, რომ თვითმფრინავის მეორე პილოტმა დანით დაჭრა ეკიპაჟის კაპიტანი და თვითმფრინავის კატასტროფის პროვოცირება სცადა.

ნეთანიაჰუმ, რომელიც თვითმფრინავის დაბრუნებულ მგზავრებს შეხვდა, 30 სექტემბერს განაცხადა, რომ როცა თვითმფრინავმა სიმაღლის დაკარგვა დაიწყო, ბორტზე მყოფ ეკიპაჟის წევრთან ერთად რამდენიმე მგზავრმა მოახერხა პილოტების კაბინაში შეღწევა. მათ შეძლეს თავდამსხმელის განეიტრალება და თვითმფრინავის სტაბილიზირება. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ამ მგზავრებს გმირები უწოდა.

ეკიპაჟის დაჭრილი მეთაური, რომელმაც მეორე პილოტს წინააღმდეგობა გაუწია და კაბინის კარის გაღება მოასწრო, ინდოეთის მოქალაქეა. არსებული ცნობებით, თავდამსხმელი პილოტი ომანის მოქალაქეა, რომელიც საუდის არაბეთში დააკავეს თვითმფრინავის დაშვების შემდეგ და მისი დაკითხვა მიმდინარეობს.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა ინციდენტს უწოდა „ჯიჰადისტური თავდასხმის მცდელობა“, თუმცა არ განუმარტავს, რას ეფუძნება ეს დასკვნა.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG