Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ხელფასი 1350 ლარით იზრდება

კობახიძის, ყაველაშვილისა და პაპუაშვილის ხელფასი 1350 ლარით იზრდება.
კობახიძის, ყაველაშვილისა და პაპუაშვილის ხელფასი 1350 ლარით იზრდება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მაღალჩინოსნების ხელფასი იზრდება: პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყოველთვიურად 17 350 ლარს აიღებენ. მათი ხელფასები 2027 წლის 1 იანვრიდან გაიზრდება.

მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება 8,4%-ით იზრდება - ანაზღაურების ყოველწლიურად ავტომატური მატების შესახებ ჩანაწერი კანონში 2024 წლის მარტში ჩაიწერა.

საქართველოს კანონმდებლობით, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და მოსამართლეების ხელფასები ფიქსირებული არ არის. ის ყოველწლიურად ხელახლა განისაზღვრება და გამოითვლება ორი ფაქტორით: საბაზისო ხელფასისა და პარლამენტის მიერ დადგენილი კოეფიციენტის ნამრავლით. კოეფიციენტები უცვლელია, საბაზისო ხელფასი კი ყოველ წელს თავიდან დგინდება და ბიუჯეტში აისახება.

მაგალითად, გასულ (2025 ) წელს საქართველოში საბაზისო ხელფასი 1460 ლარი იყო, წელს 1600, მომავალ წელს კი 1735 ლარი.

ვის რამხელა ხელფასი გაუხდება:

  • პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს - გაეზრდებათ 1350 ლარით და გაუხდებათ 17 350 ლარი;
  • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის - 1215 ლარით და ხდება 15 615 ლარი;
  • მინისტრების, პარლამენტის ფრაქციების თავმჯდომარეების - 1148 ლარით და ხდება 14 748 ლარი;
  • დეპუტატების ხელფასი - 1080 ლარით და ხდება 13 880 ლარი.

პოლიტიკოსების მსგავსად, იზრდება მოსამართლეების ხელფასები ყველა დონის სასამართლოში. მათ შორის ყველაზე მაღალი ხელფასი, რომელიც პრემიერის, პრეზიდენტისა და პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურებას უტოლდება, უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეებს ექნებათ. თითოეული მათგანი თვეში 17 350 ლარს მიიღებს.

საბაზო თანამდებობრივი სარგოს 8,4%-ით 1600 ლარიდან 1735 ლარამდე გაზრდით, საერთო ჯამში, საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ანაზღაურება 395 მილიონი ლარით იზრდება.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტში ასევე ჩადებულია პენსიების ზრდა:

  • 70 წლამდე პენსიონრებისთვის - 5,41%-ით, 20 ლარით (გახდება 390 ლარი / მაღალმთიანში 468 ლარი);
  • 70 წლისა და მეტი ასაკისთვის - 12,12%-ით, 60 ლარით (გახდება 555 ლარი / მაღალმთიანში 665 ლარი).

საქართველოს კანონმდებლობით, ხელისუფლება ვალდებულია 70 წლამდე პენსიონერს ყველწლიურად პენსია გაუზარდოს სულ მცირე ინფლაციის მაჩვენებლით, თუმცა არანაკლებ 20 ლარით. სექტემბერში წლიური საშუალო ინფლაცია 5,1 პროცენტი იყო, პენსია კი 5,41%-ით იზრდება.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG