Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანაკლიის პორტის მშენებლობაზე 2027 წელს 127 მლნ ლარის დახარჯვა იგეგმება

ანაკლიის პორტის მშენებლობა. ფოტო გადაღებულია 2026 წლის მაისში
ანაკლიის პორტის მშენებლობა. ფოტო გადაღებულია 2026 წლის მაისში

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტისთვის მომავალ წელს 127 მილიონი ლარის გამოყოფა იგეგმება.

პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში ცალკეა მითითებული, რომ 125 მილიონი ლარი ანაკლიის პორტისთვის „საჭირო წყლის ინფრასტრუქტურის მშენებლობას“ მოხმარდება.

საბიუჯეტო დოკუმენტში ანაკლიის პორტის დაფინანსება წლების მიხედვით ასეა მითითებული:

  • 2025 წელი - 150,9 მლნ ლარი;
  • 2026 წელი - 53,2 მლნ ლარი;
  • 2027 წელი - 127 მლნ ლარი.

ბიუჯეტის პროექტში თანხაა გათვალისწინებული ანაკლიის პორტთან მისასვლელი საავტომობილო გზისთვისაც. 2027 წელს ამ მიმართულებით 30 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

პორტის ფუნქციონირებისთვის საჭიროა სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობაც. ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა 11 სექტემბერს განაცხადა, რომ საქართველოს რკინიგზამ ანაკლიის პორტთან მისასვლელი სარკინიგზო ხაზის პროექტირება უკვე დაასრულა და მისი მშენებლობის ტენდერის გამოცხადება 2026 წლის ოქტომბრის ბოლომდე იგეგმება.

2027 წლის ბიუჯეტის პროექტში რკინიგზის გამტარუნარიანობის გასაზრდელად 250 მილიონი ლარია გათვალისწინებული, თუმცა არ არის დაზუსტებული, კონკრეტულად რომელ სარკინიგზო პროექტებს მოხმარდება ეს თანხა.

პორტის მშენებლობის ახალი მოდელი

2026 წლის 6 ივლისს მთავრობამ განაცხადა, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ე.წ. ლენდლორდის მოდელით აშენდება. ამ მოდელით სახელმწიფო რჩება ძირითადი საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურის მესაკუთრედ და თავად უზრუნველყოფს მის განვითარებას, ხოლო ცალკეული ტერმინალების მოწყობაში საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები ჩაერთვებიან.

„საპორტო ინფრასტრუქტურის შექმნასთან ერთად, სახელმწიფო უზრუნველყოფს ანაკლიამდე მისასვლელი საავტომობილო გზისა და რკინიგზის მოწყობას, ხოლო საკონტეინერო და ნაყარი ტვირთების ტერმინალების მოწყობისათვის საჭირო ინვესტიციებს საერთაშორისო ინვესტორები და კერძო ოპერატორები განახორციელებენ“, - განაცხადა მაშინ ქვრივიშვილმა.

მინისტრის განცხადებით, პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა კვლავ 1,1 მილიარდი დოლარი იქნება, თუმცა ახალი მოდელის გამო სახელმწიფოს დამატებით დაახლოებით 200 მილიონი დოლარის მობილიზება მოუწევს.

მთავრობის გეგმით, ანაკლიის პორტმა პირველი გემი 2029 წელს უნდა მიიღოს.

ამჟამად ანაკლიაში მიმდინარეობს ზღვის ფსკერის დაღრმავების სამუშაოები. სამუშაოებში Jan De Nul-ის ორი გემი, Al-Idrisi და Tristao Da Cunha, მონაწილეობს. ასევე უნდა აშენდეს დაახლოებით 1,38-კილომეტრიანი ტალღმტეხი.

2024 წლის 29 მაისს მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის კერძო პარტნიორის შესარჩევ კონკურსში გამარჯვებულად ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი უნდა გამოცხადებულიყო. მასში შედიოდნენ China Communications Construction Company Limited-ი და China Harbor Investment Pte. Ltd. დაგეგმილი მოდელით, სახელმწიფოს პორტის 51%, კერძო პარტნიორს კი 49% უნდა ჰქონოდა.

კონსორციუმთან საინვესტიციო შეთანხმება საბოლოოდ არ გაფორმებულა და 2026 წლის ივლისში მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა.

პროექტის ისტორია

ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის გეგმა მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს, 2012 წელს, ქალაქ ლაზიკის პროექტის ნაწილად გამოცხადდა. სამუშაოები საწყის ეტაპზე იყო, თუმცა ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პროექტზე მუშაობა შეჩერდა.

მოგვიანებით პროექტი „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ განაახლა. 2016 წლის 3 ოქტომბერს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ პორტის მშენებლობის, ოპერირებისა და გადაცემის შესახებ საინვესტიციო ხელშეკრულება გააფორმა. იმდროინდელი გეგმით, პორტს პირველი გემი 2020 წლის დასაწყისში უნდა მიეღო.

2020 წლის იანვარში მთავრობამ კონსორციუმთან ხელშეკრულება შეწყვიტა. ოფიციალურ მიზეზად ხელისუფლება საინვესტიციო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობას, მათ შორის საჭირო დაფინანსების ვერმოზიდვას ასახელებდა. კონსორციუმი კი მთავრობის მხრიდან პროექტისთვის ხელის შეშლაზე საუბრობდა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ შედიოდნენ: „თიბისი ჰოლდინგ ანაკლია“ (საქართველო), Van Oord PPP International-ი (ნიდერლანდი), Wondernet Express-ი (ბრიტანეთი), შპს G-Star-ი (ბულგარეთი), Conti International-ი (აშშ) და ინვესტორი ნიდერლანდიდან ბობ მეიერი.

ხელშეკრულების შეწყვეტას ორი საერთაშორისო საარბიტრაჟო დავა მოჰყვა. 2024 წელს საერთაშორისო სავაჭრო პალატის საარბიტრაჟო სასამართლომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ დაახლოებით 1,5 მილიარდი დოლარის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. 2025 წელს კი მსოფლიო ბანკთან არსებული ICSID-ის ტრიბუნალმა უარყო კონსორციუმის ინვესტორის, ბობ მეიერის მოთხოვნაც.

  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG