Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„წაიყვანეთ მინისტრთან“ - ბათუმელი ექიმის თქმით, ამ ფრაზის გამო სამსახურის დატოვებას სთხოვენ

ჯუმბერ ბოლქვაძის მხარდასაჭერად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან აქცია გაიმართა.
ჯუმბერ ბოლქვაძის მხარდასაჭერად ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან აქცია გაიმართა.

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან მედპერსონალმა აქცია გამართა კოლეგის, ჯუმბერ ბოლქვაძის მხარდასაჭერად. მათი თქმით, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე მოითხოვს ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგმა, გადაუდებელი მედიცინის ექიმმა, განყოფილების უფროსმა თანამდებობა დატოვოს.

ექიმები ამბობენ, რომ რამდენიმე თვის წინ, 2026 წლის ივნისში, როცა კლინიკის „ემერჯენსი“ განყოფილება სრულად იყო შევსებული, გადაუდებელი დახმარების (112-ის) ოპერატორი მოითხოვდა დამძიმებული პაციენტის მიღებას, რაზეც​ ბოლქვაძისგან უარი მიიღო, რადგან „სუნთქვის აპარატი რომ დასჭირვებოდა, ვერ დაეხმარებოდნენ“.

როგორც ადგილობრივი გამოცემა „ბათუმელები“ წერს, მან ოპერატორის დაჟინებულ მოთხოვნასა და კითხვას, თუ სად შეიძლება გადაეყვანათ პაციენტი, უპასუხა სიტყვებით: „წაიყვანეთ მინისტრთან“.

„​უდანაშაულოდ, რაიმე იურიდიული საფუძვლის გარეშე რომ მომთხოვონ სამსახურის დატოვება, ამის უფლება, მგონი, ნამდვილად არ აქვთ“, - ამბობს ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს განყოფილების უფროსი.

მისი თქმით, კლინიკიდან წასვლის შესახებ მასთან კომუნიკაცია რამდენჯერმე შედგა:

„მიხეილ სარჯველაძემ სხვადასხვა პირის დახმარებით, მათ შორის ჩვენს მინისტრს დაავალა, რომ მოითხოვა თანამდებობა დავტოვო. მანამდე სატელეფონო ზარებით მითვლიდა, რომ გადავსულიყავი სხვა კლინიკაში... ადმინისტრაცია ჩემ წინააღმდეგ არ არის, არ მეუბნებიან „წადის“, მაგრამ არც იმას მეუბნებიან, რომ „დარჩი“...

ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ ამ თხოვნით დღეს საავადმყოფოში მივიდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე: „იქნებ ხმაური ჩაწყნარებულიყო... მას სთხოვდა ჯანდაცვის მინისტრი“.

ჯუმბერ ბოლქვაძე ამბობს, რომ სწორედ ამის შემდეგ გადაწყვიტეს მისმა კოლეგებმა მისი მხარდამჭერი აქციის გამართვა.

რადიო თავისუფლება ცდილობს ჯანდაცვის სამინისტროდან ამ საკითხზე კომენტარის მიღებას. აჭარის ა/რ-ის ჯანდაცვის სამინისტროში კი ამბობენ, რომ „კომენტარი არ კეთდება“.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG