პაპუაშვილის თქმით, ფონდი გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირთან აფილირებული პოლიტიკური ორგანიზაციაა. "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი არის EPP-ის წევრი და ამით "ნაციონალური მოძრაობის" პარტნიორი პარტიაა და ახლა აცხადებს ეს ფონდი, რომ პოლიტიკური მისიის შესრულება უნდათ საქართველოში, სხვა ქვეყნის პარტიებს და მათ ფონდებს საქართველოში პოლიტიკური მისია შესასრულებელი არა აქვთ, მე მგონი.... რაღაც ეჭვი მეპარება, რომ გერმანიის ხელისუფლებამ დაუშვას, რომ "ქართულმა ოცნებამ" პარტიულ პოლიტიკური მისიები შეასრულოს ბერლინში თუ სხვა ქალაქში", - თქვა შალვა პაპუაშვილმა მედიასთან საუბარში.
გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი (CDU) მემარჯვენე-ცენტრისტული, ქრისტიან-დემოკრატიული და ლიბერალურ-კონსერვატიული პოლიტიკური პარტიაა. იგი გერმანიის ერთ-ერთ უმსხვილესი პოლიტიკური ძალაა. CDU „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) დამფუძნებელი და ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრია.
პაპუაშვილის განმარტებით, ხელისუფლებამ ფონდს შესთავაზა, პოლიტიკური ხასიათის პროექტების ნაცვლად აკადემიური, საგანმანათლებლო ან სხვა ტიპის საქმიანობა განეხორციელებინა, თუმცა ფონდის ინტერესს, მისი შეფასებით, სწორედ პოლიტიკური მიმართულება წარმოადგენდა.
პაპუაშვილის თქმით, საქართველოში უცხოურმა ორგანიზაციებმა და დონორებმა თავიანთი საქმიანობა ქვეყნის ხელისუფლებასთან უნდა შეათანხმონ. მისი თქმით, უცხოური დაფინანსების მიმართ საზოგადოების ნდობა მას შემდეგ შემცირდა, რაც, ხელისუფლების შეფასებით, დაფინანსება რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის მხარდასაჭერად გამოიყენებოდა.
ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
გერმანულმა კონრად ადენაუერის ფონდმა, რომელიც 2003 წლიდან მუშაობდა საქართველოში, 1 ოქტომბერს განაცხადა, რომ ქვეყანაში საქმიანობას წყვეტს - მიზეზად საქართველოში შექმნილი „პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩარჩო“ დაასახელა.
KAS-ის თანახმად, 2026 წლის 28 ივლისს საქართველოს მთავრობამ ფონდის მიერ „გრანტების შესახებ“ ახალი კანონის ფარგლებში წარდგენილი პროექტების დაფინანსების განაცხადები არ დააკმაყოფილა.
„ინტენსიური ძალისხმევა, მათ შორის გერმანიის ფედერალური მთავრობის მხრიდან, ახალი ჩარჩოს პირობებში საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობის შესაქმნელად, წარუმატებელი აღმოჩნდა“, - აცხადებს ფონდი.
რაზე მუშაობდა ფონდი საქართველოში
კონრად ადენაუერის ფონდის განცხადებით, წლების განმავლობაში ფონდი ხელს უწყობდა დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, საპარლამენტო განვითარებისა და ევროპული გაგების გაძლიერებას.
KAS-ის საქმიანობა საქართველოში ფინანსდებოდა გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ), გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროსა (AA) და ევროკავშირის გრანტებით.
მის პარტნიორებს შორის საქართველოში იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი“ და „ჭავჭავაძის ცენტრი“.
KAS-ი აცხადებს, რომ საქართველოში იურიდიულ პირად რეგისტრაციას შეინარჩუნებს, რათა „პოლიტიკური ვითარების შეცვლის შემთხვევაში ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა ჰქონდეს“.
გრანტების კანონი
2025 წლის 20 თებერვალს „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით შეცვალა „გრანტების შესახებ“ კანონი და მთავრობის ნებართვის გარეშე დაფინანსების მიღება აუკრძალა მისგან დამოუკიდებელ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ეს ცვლილებები, - სხვა საკანონმდებლო რეგულაციებთან, მათ შორის „აგენტების კანონთან“ (ფორმალურად „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონი“, რომელსაც მოწინააღმდეგეები „რუსულ კანონს“ უწოდებენ) და „FARA-ს ქართულ ანალოგთან“ ერთად, - ევროკავშირისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ „უპრეცედენტო დემოკრატიული უკუსვლის“ განმაპირობებელ ერთ-ერთ ფაქტორად მიიჩნევა.
Amnesty International-ის მიერ 2026 წლის 15 ივნისს საქართველოზე გამოქვეყნებულ ანგარიშში, „რეპრესიების ანატომია“, წერია, რომ „გრანტების კანონისა“ და სხვა ცვლილებების შედეგად, ათობით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია იძულებული გახდა, შეემცირებინა შტატი, შეეჩერებინა მუშაობა ან „გადარჩენის რეჟიმში“ განეგრძო საქმიანობა.
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ლევან ჟორჟოლიანის განაცხადებით, "უცხოურ გრანტებთან დაკავშირებით თანხმობების გაცემის დადებითობის მაჩვენებელი 95%-ია", რაც მისი სიტყვებით "რაც ხაზს უსვამს მთავრობის დამოკიდებულებას ისეთი პროექტების მიმართ, რომლებიც შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს, თუკი რომელიმე პროექტი პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს პოლიტიკურ პროცესებში არამართლზომიერად თანხების ხარჯვას, მთავრობას ვერ ექნება დადებითი პოზიცია".
.
საქართველო-გერმანიის ურთიერთობები
საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები ბოლო წლებში გაუარესდა:
- 2024 წლის 31 დეკემბერსა და 2025 წლის 24 მარტს გერმანიამ, სხვა დასავლური ქვეყნების მსგავსად, სავიზო შეზღუდვები დაუწესა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს;
- გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებისთვის 237 მილიონი ევროს დაფინანსების შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო;
- ამავე დროს, გაგრძელდა ის პროექტები, რომლებიც, ბერლინის განცხადებით, საქართველოს მოსახლეობის დახმარებას ემსახურება. გერმანიამ რიგი სხვა პროგრამები აღარ განაახლა;
- გერმანიის ყოფილი ელჩი პეტერ ფიშერი, რომელიც თანამდებობაზე 2022 წლის აგვისტოში დაინიშნა, მწვავედ აკრიტიკებდა პროცესს, რომელსაც საქართველოში უპრეცედენტო დემოკრატიულ უკუსვლას უწოდებდა;
- „ქართული ოცნების“ ლიდერები ფიშერს ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევასა და „რევოლუციური პროცესების მხარდაჭერაში“ ადანაშაულებდნენ.
გერმანიის ახალმა ელჩმა ბარბარა ფოსმა რწმუნებათა სიგელის ასლი 27 აგვისტოს გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური პროტოკოლის დეპარტამენტის დირექტორს, ზურაბ დარჩიაშვილს.
მანამდე, 23 ივლისს, გერმანიაში საქართველოს ელჩმა ალექსანდრე კარტოზიამ პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს რწმუნებათა სიგელები გადასცა - თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 თვის შემდეგ.
ფორუმი