ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ Financial Times-თან ინტერვიუში. „მათ სურთ, რომ ხალხი საკუთარი ქალაქებიდან გაიქცეს“, - განაცხადა ზელენსკიმ რუსეთის წარმომადგენლებზე და განსაკუთრებით აღნიშნა, რომ რუსეთი მიზნად ისახავს მოსახლეობის „გაძევებას“ კიევიდან.
უკრაინის პრეზიდენტის მტკიცებით, პუტინმა ბრძანება მისცა რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას, „მოხსნან შეზღუდვები“ უკრაინის სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებზე. „რუსებმა ვერ შეძლეს ჩვენი ოკუპაცია, ამიტომ ახლა ისინი მასობრივ შეტევებსა და მკვლელობებს ახორციელებენ“, - თქვა ზელენსკიმ. რუსეთმა საგრძნობლად გააძლიერა დარტყმები სამოქალაქო ობიექტებზე, მათ შორის მონაცემთა ცენტრებსა და ხიდებზე. ზელენსკის თქმით, დარტყმის ქვეშ ექცევა სკოლები და საავადმყოფოებიც. კიევზე დარტყმები ბოლო დროს ყოველდღიურად ხორციელდება, მათ შორის დღისითაც.
ზელენსკიმ კვლავ მოუწოდა პარტნიორ ქვეყნებს რუსეთზე ზეწოლის, ასევე უკრაინისთვის მიწოდების გაძლიერებისკენ - პირველ რიგში, საჰაერო თავდაცვის სისტემებისა. მან აღნიშნა, რომ უკრაინისთვის გადაცემული F-16 ტიპის თვითმფრინავების დაახლოებით ნახევარი, რომლებიც ეფექტიანია რეაქტიულ დრონებთან ბრძოლაში, ამჟამად მწყობრიდან არის გამოსული. პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა ინდოეთი და ჩინეთი და განაცხადა, რომ ეს ქვეყნები ხელს უწყობენ რუსეთს სანქციების რეჟიმისთვის გვერდის ავლაში.
Financial Times-ი თავის სტატიაში, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, ადასტურებს ზელენსკის სიტყვებს მსხვილ ქალაქებზე დარტყმების გეგმების შესახებ და ასევე ამტკიცებს, რომ მოსკოვი ემზადება ისეთი დარტყმების მიყენებისთვის, რომელთა მიზანია უკრაინის ატომური ელექტროსადგურების იზოლაცია ენერგოსისტემიდან და წყალმომარაგების გათიშვა. ევროპელი ჩინოვნიკების თქმით, რუსეთის სტრატეგიის კიდევ ერთი შემადგენელი ნაწილია ევროკავშირში ლტოლვილთა ახალი ნაკადის შექმნა. ამ კამპანიის მიზანია, როგორც იუწყებიან, უკრაინაზე ზეწოლა, რათა იგი აიძულონ, 2027 წლის დასაწყისისთვის დათანხმდეს რუსულ პირობებს.
გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა „ვალდაის“ ფორუმზე გამოსვლისას მიანიშნა, რომ უკრაინაზე რუსეთის დარტყმების კამპანია, მათ შორის გემებზე, პორტებსა და სამრეწველო საწარმოებზე, გაგრძელდება. პუტინმა უარყო ნაწილობრივი ზავის იდეა, რომლის დროსაც უკრაინა უარს იტყოდა დარტყმებზე რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე. მან ასევე გამოთქვა რწმენა, რომ რუსეთი წელიწად-ნახევარზე ადრე დაიპყრობს მთელს დონბასს.
ამასთან, ესკალაციაში პუტინმა დაადანაშაულა უკრაინა რამდენიმე თვის წინ დაწყებული იმ კამპანიის გამო, რომელიც ითვალისწინებს დარტყმებს ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, რუსეთის პორტებსა და გემებზე.
უკრაინის მრავალი პარტნიორი ქვეყანა გამოთქვამს შეშფოთებას მომავალი ზამთრის გამო, როდესაც რუსეთის მიერ უკრაინაზე დარტყმების ინტენსიფიკაციამ შესაძლოა გამოიწვიოს სასიცოცხლო სისტემების გათიშვა და ჰუმანიტარული კატასტროფა. ამასთან, უკრაინაში აცხადებენ, რომ რუსეთის მცხოვრებლებიც იგრძნობენ დისკომფორტს, ვინაიდან უკრაინას აქვს შორ მანძილზე დარტყმების პოტენციალი.
ფორუმი