„სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ დღეს გავრცელებული ვიდეოკადრები და განმარტება, რომ გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანისას მას ჩაუტარდა შემოწმება-დათვალიერება, ვერ ჩაითვლება ამ მძიმე ბრალდებებზე სათანადო პასუხად“, - აცხადებენ ისინი.
„პირიქით, გავრცელებული მასალა კიდევ უფრო მკაფიოდ აჩენს კითხვას იმის შესახებ, თუ რა მოხდა დეესკალაციის საკანში და რა მოქმედებები განახორციელეს იქ მყოფმა პენიტენციურმა თანამშრომლებმა“, - წერია არასამთავრობოების განცხადებაში.
„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებული ვიდეომასალა ვერ ჩაანაცვლებს დამოუკიდებელ და ეფექტიან გამოძიებას“, - აცხადებენ ისინი.
8 შეკითხვა გამოძიებას
არასამთავრობო ორგანიზაციები ჩამოთვლიან რვა შეკითხვას, რაც, მათი თქმით, კადრების გავრცელების შემდეგ ჩნდება:
- რა კონკრეტული საფუძვლით გახდა საჭირო გიორგი დავითაძის დეესკალაციის საკანში გადაყვანა;
- რა კონკრეტული ქმედება უძღოდა წინ მის გადაყვანას;
- იყო თუ არა მისი დეესკალაციის საკანში მოთავსება აუცილებელი და პროპორციული ღონისძიება;
- რატომ გახდა საჭირო მის საკანში დაახლოებით ათი თანამშრომლის შესვლა;
- ვინ იყვნენ აღნიშნული თანამშრომლები და რა მოქმედებები განახორციელა თითოეულმა მათგანმა;
- წარმოადგენს თუ არა გავრცელებული ვიდეო 2025 წლის 21 დეკემბრის შესაბამისი ეპიზოდის/ეპიზოდების სრულ და უწყვეტ ჩანაწერს;
- დაცულია თუ არა ჩანაწერის ორიგინალი და შესაძლებელია თუ არა მისი ავთენტურობისა და უწყვეტობის დამოუკიდებლად შემოწმება;
- არსებობს თუ არა სხვა კამერების ჩანაწერები, რომლებიც სრულად ასახავს გიორგი დავითაძის გადაადგილებასა და მასთან მოპყრობას აღნიშნულ პერიოდში.
არასამთავრობოები ხაზს უსვამენ, რომ „პატიმრის მიმართ წამება, სექსუალური ძალადობა ან ნებისმიერი სხვა ფორმის არასათანადო მოპყრობა, მისი დადასტურების შემთხვევაში, ვერ იქნება გამართლებული დისციპლინური დარღვევით, თანამშრომლების შეურაცხყოფით, დაუმორჩილებლობით ან სხვა გარემოებით“.
პენიტენციური ძალადობას უარყოფს
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ვიდეო, რომელიც, უწყების განცხადებით, პატიმარ გიორგი დავითაძის მონაწილეობით 2025 წლის 21 დეკემბერს №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მომხდარ შემთხვევას ასახავს. ვიდეოს ხმა არ ახლავს.
კადრებში პენიტენციური სამსახურის 10-მდე თანამშრომელი და პატიმარი ჩანან. ერთ-ერთ თანამშრომელს ერთჯერადი სამედიცინო ხელთათმანები უკეთია.
კადრების მიხედვით, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები პატიმარს ჩხრეკენ, მათ შორის ელექტროდეტექტორის მეშვეობით. რამდენიმე მათგანი დავითაძეს ხელებს ზურგს უკან უკავებს. საწოლზე გადაწვენილ, ზურგზე ხელებდაწყობილ პატიმარს თანამშრომლები ძალის გამოყენებით ამოწმებენ.
- 36 წლის გიორგი დავითაძემ სექსუალური ძალადობის შესახებ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა. ის ამბობს, რომ №6 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახში მასზე დაახლოებით ათმა ბადრაგმა იძალადა და დამამცირებლად მოექცა.
- „ჩამიყვანეს დეესკალაციაში და გამაუპატიურეს - თითით, ხელით. […] გამაუპატიურეს - 10-მა კაცმა, ბადრაგებმა. ჩანს ყველაფერი კამერაში“, - თქვა პატიმარმა.
- დავითაძე ასევე ამბობს, რომ ძალადობის შემდეგ სუიციდის მცდელობა ჰქონდა. ის შიმშილობის დაწყებას აპირებს, თუ მის მიერ დასახელებული თანამშრომლების პასუხისმგებლობის საკითხი არ დადგება.
რომელი ორგანიზაციები ითხოვენ გამოძიებას
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც სახელმწიფოს სრულყოფილი გამოძიებისკენ მოუწოდებენ და კითხვებს სვამენ, არიან:
- საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
- სოციალური სამართლიანობის ცენტრი
- დემოკრატიის მცველები
- საქართველოს მომავლის აკადემია
- პრევენცია პროგრესისთვის
- ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
- საქართველოს ევროპული ორბიტა
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
- საფარი
- სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი.
ფორუმი