არგენტინა იწყებს ინვესტიციების სანაცვლოდ უცხოელებისთვის მოქალაქეობის მინიჭების პროგრამას, განაცხადა ქვეყნის ეკონომიკის მინისტრმა ლუის კაპუტომ. განაცხადების მიღება 2026 წლის მეოთხე კვარტალში დაიწყება.
არგენტინის მოქალაქეობის მისაღებად უცხოელმა უნდა განახორციელოს 350 ათასი დოლარის ოდენობის დაუბრუნებელი შენატანი ან შეიძინოს 800 ათასი დოლარის ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციები. მოქალაქეობის მიღება ინვესტორის მეუღლესა და შვილებსაც შეეძლებათ. მეუღლისა და 18-დან 25 წლამდე ასაკის დაუქორწინებელი, უშვილო შვილებისთვის დამატებითი შენატანი 100 ათას დოლარს შეადგენს, ხოლო არასრულწლოვნებისთვის - 25 ათასს.
მოქალაქეობის მინიჭებამდე ხელისუფლება შეამოწმებს განმცხადებლის პიროვნებას, სახსრების წარმომავლობას, მის აქტივებსა და ფინანსურ მდგომარეობას, ნასამართლობას, რეპუტაციასა და საემიგრაციო ისტორიას.
ე.წ. „ოქროს პასპორტები“ უცხოელებს საშუალებას აძლევს, ქვეყნის ეკონომიკაში განხორციელებული ინვესტიციების სანაცვლოდ მიიღონ მოქალაქეობა. არგენტინა გახდება სამხრეთ ამერიკაში პირველი ქვეყანა, რომელიც ასეთ პროგრამას აამოქმედებს. ივნისში Financial Times-ი წერდა, რომ ხელისუფლება ამ გზით ათობით მილიარდი დოლარის მოზიდვას ვარაუდობს, მათ შორის ქვეყნის სავალო ვალდებულებების შესასრულებლად. არგენტინის პასპორტი თითქმის 170 ქვეყანაში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას იძლევა.
ფორუმი