რუსეთში 87 წლის ასაკში გარდაიცვალა სატელევიზიო „მკურნალი“ ანატოლი კაშპიროვსკი. მისი გარდაცვალების შესახებ ტელეწამყვანმა ანდრეი მალახოვმა გამოაცხადა. „რია ნოვოსტის“ ინფორმაცია დაუდასტურა კაშპიროვსკის დირექტორმა.
კაშპიროვსკიმ სსრკ-ში ფართო პოპულარობა მოიპოვა 1980-იანი წლების ბოლოს. 1989 წელს ცენტრალურმა ტელევიზიამ დაიწყო მისი სეანსების ჩვენება, რომელთა დროსაც კაშპიროვსკი ამტკიცებდა, რომ ტელემაყურებელთა ჯანმრთელობაზე დისტანციურად ზემოქმედება შეეძლო. გადაცემები მრავალმილიონიან აუდიტორიას უყრიდა თავს.
კაშპიროვსკი ასევე ატარებდა მასობრივ გამოსვლებს საკონცერტო დარბაზებსა და სტადიონებზე. მისი მეთოდები არაერთხელ გაუკრიტიკებიათ მეცნიერებსა და ექიმებს, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ არ არსებობდა განცხადებული სამკურნალო ეფექტის მეცნიერული მტკიცებულებები.
ანატოლი კაშპიროვსკი 1939 წლის 11 აგვისტოს დაიბადა უკრაინის სსრ-ის კამენეც-პოდოლსკის ოლქის სოფელ სტავნიცაში - თანამედროვე უკრაინის ტერიტორიაზე. 1962 წელს მან ვინიცის სამედიცინო ინსტიტუტი დაამთავრა, რის შემდეგაც მრავალი წელი ფსიქოთერაპევტად მუშაობდა ვინიცაში, აკადემიკოს ალექსანდრ იუშჩენკოს სახელობის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში. შეისწავლიდა ჰიპნოზს.
1987 წელს იგი იყო სსრკ-ის ძალოსნობის ნაკრების ფსიქოთერაპევტი, ხოლო 1988–1989 წლებში ხელმძღვანელობდა კიევში არსებულ ფსიქოთერაპიის რესპუბლიკურ ცენტრს.
1989 წელს ცენტრალურმა ტელევიზიამ აჩვენა მისი „ჯანმრთელობის სეანსების“ სერია, რომელთა დროსაც იგი ამტკიცებდა, რომ შეეძლო დისტანციურად ემოქმედა მაყურებელთა მდგომარეობაზე და ემკურნალა სხვადასხვა დაავადებისთვის.
1993 წელს კაშპიროვსკი პირველი მოწვევის სახელმწიფო დუმის დეპუტატად აირჩიეს ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიიდან. 1995 წელს, ბუდიონოვსკში მძევლების ხელში ჩაგდების დროს, იგი მონაწილეობდა მოლაპარაკებებში მეთაურ შამილ ბასაევთან, ცდილობდა მის ჰიპნოტიზებას, თუმცა უშედეგოდ.
1990-იანი წლების შუა ხანებში კაშპიროვსკი გადავიდა აშშ-ში, სადაც განაგრძობდა სეანსების ჩატარებას, უპირატესად რუსულენოვანი აუდიტორიისთვის.
მომდევნო წლებში კაშპიროვსკი პერიოდულად უბრუნდებოდა საჯარო გამოსვლებს და ტურნეებს მართავდა რუსეთში.
2006 წელს კაშპიროვსკი დამნაშავედ ცნეს უკანონო სამედიცინო საქმიანობაში. 2011 წელს ის სასამართლოში უჩიოდა სრულიად რუსეთის სახელმწიფო ტელე და რადიომაუწყებლობის კომპანიასა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ ფსიქიატრ ვლადისლავ შამრეის, იმ განცხადებების გამო, რომლებიც ეხებოდა მისი სეანსებით მიყენებულ ზიანს. თავდაპირველად სასამართლომ კაშპიროვსკის კომპენსაცია მიაკუთვნა, თუმცა მოგვიანებით მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება გააუქმა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი თქვა.
2015 წელს კაშპიროვსკი კიდევ ერთი სასამართლო დავის მონაწილე გახდა - პერმის მხარის საკანონმდებლო კრების დეპუტატ ალექსანდრ ტელეპნიოვის სარჩელის საფუძველზე. მაშინ კაშპიროვსკი პერმში ჩავიდა სეანსების ჩასატარებლად. ტელეპნიოვი ითხოვდა „მკურნალის“ „არაერთმნიშვნელოვანი საქმიანობის“ შემოწმებას. 2016 წელს სასამართლომ კაშპიროვსკის ბრალდებები მოუხსნა.
2020 წლიდან კაშპიროვსკი „სეანსებს“ ატარებდა საკუთარ არხზე YouTube-ში.
ფორუმი