თბილისში რიგით 42-ე, უკვე ტრადიციად ქცეული საპროტესტო მსვლელობა - შაბათის მარში - იმართება. 3 ოქტომბრის მსვლელობის მთავარი გზავნილი ისევ არის „საქართველო ივანიშვილის წინააღმდეგ“.
„დაასრულე პატიმრებზე მოძალადე რეჟიმი“, - წერია მარშის მონაწილეთა ბანერებზე.
საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები ავლაბრის მეტროსთან შეიკრიბნენ და მთავრობის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ.
ყოველკვირეული მსვლელობა, რომელიც ყოველ შაბათს იმართება, გაგრძელებაა 2024 წლის 28 ნოემბერს დაწყებული უწყვეტი პროტესტისა, რომელმაც „ქართული ოცნების“ მიერ მიღებული გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველი კანონების შემდეგ იცვალა ფორმა.
საპროტესტო აქციები საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 28 ნოემბერს დაიწყო.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ მაშინ განაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველოს ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელ შემდეგ ნაბიჯს - გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებას - 2028 წლის ბოლომდე ხსნიდა დღის წესრიგიდან.
აქციების დაწყებიდან პირველ დღეებში დემონსტრაციის ძალადობრივად დაშლის დროს პოლიციამ იძალადა არაერთ ადამიანზე, მათ შორის ჟურნალისტებზეც. ამ დროს გაწეული წინააღმდეგობის დროს დაშავდნენ პოლიციელებიც.
შაბათის მარშების ტრადიციას საფუძველი ჩაეყარა 2025 წლის მიწურულს, როდესაც უწყვეტ პროტესტში ჩართულმა ხალხმა დაიწყო შაბათობით გამართულ მარშებზე მიმდინარე პერიოდის მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო თემების შერჩევა და შესაბამისი მოთხოვნების წამოყენება თუ პროტესტისა თუ მხარდაჭერის დემონსტრირება.
შაბათის მარშების პირველი თემა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას უკავშირდებოდა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ ობიექტურ გამოძიებას იმის დასადგენად, თუ რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ 2024-2025 წელს გამართულ ხალხმრავალ აქციებზე.
სხვადასხვა დროს აპროტესტებდნენ პოლიციელების მხრიდან ძალადობას თუ დაპატიმრებული კონკრეტული ადამიანების მიმართ მოპყრობას. პროტესტის მონაწილეები მხარს უჭერდნენ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს, როდესაც ისინი ხელისუფლებისგან წამალს ითხოვდნენ.
ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეების პროტესტი არ წყდება ხელისუფლების მიერ მიღებული არაერთი კანონის მიუხედავად. ეს კანონები ადგილობრივი ორგანიზაციებისა და საერთაშორისო საზოგადოების მიერ „რეპრესიულად“ შეფასდა და მოქალაქეებს, მათ შორის ტროტუარებზე, პროტესტის გამოხატვას უზღუდავს.
აქციების მონაწილეები მოითხოვენ პროევროპული დემონსტრაციებისას სისხლის სამართლის წესით დაკავებული ათობით მოქალაქის გათავისუფლებას და ახალი არჩევნების ჩატარებას.
ფორუმი