არჩევნები გაიმართა 4 მუნიციპალიტში - ვანში, წალკაში, დმანისსა და ახმეტაში. გახსნილი იყო სულ შვიდი საარჩევნო უბანი. არჩევნებში მხოლოდ „ქართული ოცნება“ და „ლელო“ მონაწილეობდნენ.
საარჩევნო უბნებზე ასეთი შედეგები დაფიქსირდა:
- ახმეტა, სოფელი კასრისწყალი - „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან ითიურიძე - 100% (ის ერთადერთი კანდიდატი იყო და 115 ხმა მიიღო);
- დმანისი, სოფლები, ველისპირი და განახლება - „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი სარსევანიძე - 98,5%, „ლელოს“ კანდიდატი ვაჟა ნონიაშვილი - 1,5%;
- წალკა, სოფლები იმერა, ბარეთი, საბეჭისი და ლივადი - „ქართული ოცნების“ კანდიდატი ნანული ხინიკაძე - 96,7%, „ლელოს“ კანდიდატი ზაზა შანთაძე - 3,3%;
- ვანი, სოფელი ფერეთა - „ქართული ოცნების“ კანდიდატი ვაჟა ხელაძე - 87,2%, „ლელოს“ კანდიდატი ბექა კოპალაძე 12,8%.
შუალედური არჩევნების დანიშვნის მიზეზი გახდა ოთხივე მუნიციპალიტეტში საკრებულოს მაჟორიტარი წევრებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა.
„კონკურენტული გარემო“ პარტიების აკრძალვის სარჩელის ფონზე
შუალედური არჩევნების ჩასატარებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1 117 000 ლარი იყო გამოყოფილი (ცესკოს თანხა გადაეცა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან). ეს საშუალოდ დაახლოებით 159,6 ათასი ლარია ერთ საარჩევნო უბანზე.
„არჩევნები მშვიდ, უსაფრთხო და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, სადაც ამომრჩეველს ჰქონდა საშუალება საკუთარი არჩევანი თავისუფლად დაუფიქსირებინა“, - განაცხადა ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა 3 ოქტომბერს.
არჩევნები ჩატარდა იმ დროს, როდესაც ოპოზიციური პარტიები, ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცველები, ასევე, ევროკავშირი, საუბრობენ „უპრეცედენტო დემოკრატიულ უკუსვლაზე“, ხოლო „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას აპირებს.
2026 წლის სექტემბერში „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანა მორიგი სარჩელი, რომლითაც ითხოვს შემდეგი პარტიების აკრძალვას:
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;
- „კოალიცია ცვლილებისთვის”;
- „ძლიერი საქართველო - ლელო”
- „ფედერალისტური პარტია“ [„ფედერალისტები“],
- „გახარია საქართველოსთვის“.
ფორუმი