Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს

გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. გარეკანზე - ფოტო არქივიდან: ერთ-ერთი პენიტენციური დაწესებულება რუსთავში
გამოძიება თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობს. გარეკანზე - ფოტო არქივიდან: ერთ-ერთი პენიტენციური დაწესებულება რუსთავში

რუსთავის ერთ-ერთი ციხეში პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს - პენიტენციური სამსახური თვითმკვლელობის ვერსიაზე საუბრობს.

ინფორმაცია, რომ რუსთავის მე-17 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდადებული იაკობ გულედანი გარდაცვლილი იპოვეს, 4 ოქტომბერს გაავრცელა „ტვ პირველმა“.

ტელევიზიას გარდაცვლილას მამიდამ უთხრა, რომ ოჯახს მომხდარის შესახებ 2 ოქტომბერს აცნობეს - უთხრეს, რომ გულედანი საკანში ნახეს გარდაცვლილი.

მისი ცნობით, გარდაცვლილი დაახლოებით სამ-ნახევარი წლის განმავლობაში იმყოფებოდა ციხეში და სულ რაღაც „ორ-სამ თვეში“ უნდა გაეთავისუფლებინათ პატიმრობიდან.

პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ:

  • მსჯავრდადებული „თანამესაკნემ დილით საპირფარეშოში ჩამომხრჩვალი იპოვა“;
  • სამსახურმა „მყისიერად“ აცნობა ქვემო ქართლის პროკურატურას და დაიწყო გამოძიება.

„იძახიან, რომ თავი მოიკლაო“, - ამბობს გარდაცვლილის მამიდა, ვალიდა გულედანი. თუმცა ის ამ ვერსიას დამაჯერებლად არ მიიჩნევს: „თავს არაფრით მოიკლავდა“.

პენიტენციური სამსახური აზუსტებს, რომ მსჯავრდადებული 2023 წლიდან იხდიდა სასჯელს და „სასჯელის დასრულების თარიღი 2028 წელი“ იყო.

უწყების თანახმად, ის სასჯელს იხდიდა 20-კაციან საკანში და „გარდაცვალების დღესაც, ვინაიდან შემთხვევა მოხდა დილის საათებში, მისი თანამესაკნეები იმყოფებოდნენ საკანში“.

გამოძიებას პროკურატურა აწარმოებს.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG