Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა კოული წარადგინა მძევალთა საკითხებში წარმომადგენლის პოსტზე

ჯონ კოული. მინსკი, 19 მარტი, 2026.
ჯონ კოული. მინსკი, 19 მარტი, 2026.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 4 ოქტომბერს განაცხადა, რომ მძევალთა საკითხებში თავისი სპეციალური წარმომადგენლის თანამდებობაზე წარადგენს ჯონ კოულის კანდიდატურას. კოულის კანდიდატურა სენატმა უნდა დაამტკიცოს.

მძევალთა საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის მისიაში ასევე შედის პატიმართა გათავისუფლებისა და გაცვლის საკითხებში შუამავლობა. სოციალურ ქსელ Truth-ში გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა აღნიშნა, რომ კოული უკვე შეთანხმდა ბელარუსის ხელისუფლებასთან აშშ-ისა და მისი მეგობარი ქვეყნების 65-ზე მეტი მსჯავრდდადებული მოქალაქის გათავისუფლებაზე, და აწარმოებს მოლაპარაკებებს აღმოსავლეთ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის ციხეებიდან 800-ზე მეტი პოლიტპატიმრის გათავისუფლებაზე. ბელარუსის გარდა, ტრამპს არ დაუსახელებია კონკრეტული ქვეყნები.

კოული ამ პოსტზე შეცვლის მოქმედ სპეციალურ წარმომადგენელ ადამ ბოულერს, რომელიც, ტრამპის თქმით, კოულის გუნდში გააგრძელებს მუშაობას უფროსი მრჩევლის რანგში.

სექტემბერში აშშ კოულის შუამავლობით შეუთანხმდა ბელარუსის ავტორიტარულ ლიდერ ალიაქსანდრ ლუკაშენკას ბელარუსის ციხეებიდან 25 პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებაზე, ზოგიერთი ბელარუსული საწარმოსთვის ეკონომიკური სანქციების მოხსნის სანაცვლოდ. კოულმა მაშინ განაცხადა, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები გაგრძელდება და, როდესაც ყველა საკითხი გადაწყდება, საპყრობილეს კიდევ უფრო მეტი ადამიანი დატოვებს, ხოლო შეერთებული შტატები სანქციების მოხსნას განაგრძობს.

„ნოვაია გაზეტას“ ყოფილი მთავარი რედაქტორი, მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დმიტრი მურატოვი ამ გაზაფხულზე შეხვდა ჯონ კოულს და დაწვრილებით უამბო ვლადიმირ პუტინის პოლიტიკის იმ მოწინააღმდეგეების შესახებ, რომლებიც რუსეთის ციხეებსა და კოლონიებში იმყოფებიან. მან აშშ-ს სთხოვა, ხელი შეუწყოს მათ გათავისუფლებას. როგორც The Atlantic-ი წერს, კოულმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შესთავაზა იმავე სტრატეგიის გამოყენება, რაც ბელარუსში - პოლიტპატიმრების გათავისუფლება ამერიკის სანქციების შემსუბუქების სანაცვლოდ, რომლებიც, კერძოდ, დაწესებულია რუსეთის ნავთობის ექსპორტზე. The Atlantic-ის ცნობით, ტრამპმა ეს იდეა მოიწონა.

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა 30 სექტემბერს განაცხადა, რომ კრემლი არ განიხილავს პოლიტპატიმრების გაცვლის იდეას სანქციების შემსუბუქებაზე, ვინაიდან „რუსეთში არანაირი პოლიტპატიმრები არ არსებობს“.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG