Carlsberg-ში განაცხადეს, რომ დანიური ჯგუფი Iberia Refreshments-თან ერთად სომხურ JI Pepsi Cola Bottler Armenia-საც შეიძენს. ორივე კომპანიის ამჟამინდელ მფლობელად განცხადებაში Revery არის მითითებული.
Reuters-ის ცნობით, კომპანიებს გარიგების ფასი არ გაუსაჯაროებიათ.
ტრანზაქციის დასრულების შემდეგ საქართველო და სომხეთი Carlsberg-ის საოპერაციო ბაზრები გახდებიან. კომპანია ორივე ქვეყანაში PepsiCo-ს უალკოჰოლო სასმელების წარმოებას, გაყიდვასა და დისტრიბუციას გადაიბარებს. სომხეთში გარიგებას მარეგულირებლის თანხმობა სჭირდება.
Iberia Refreshments-ის 2025 წლის ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიის შემოსავალმა 123,6 მილიონი ლარი შეადგინა, წელი კი 2,27 მილიონი ლარის ზარალით დაასრულა. წლის ბოლოს კომპანიაში 502 ადამიანი მუშაობდა, წერს BM.GE.
Carlsberg-მა რამდენიმე თვის წინ PepsiCo-სთან პარტნიორობის აზერბაიჯანზე გაფართოებაც გამოაცხადა. კომპანია აცხადებს, რომ საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიაში მისთვის ერთიან ბიზნესკლასტერს შექმნის.
ფორუმი