„სასწრაფოდ ჩასაკეტია რუსეთთან საზღვარი და ასაკრძალია რუსების შემოსვლა. შავი ჭირის აქ გავრცელების თავიდან ასაცილებლად! ეს არის შავი ჭირის განსაკუთრებით საშიში ფორმა, რომელიც ჰაერით გადაეცემა“, - დაწერა სააკაშვილმა სოციალურ ქსელში.
ირკუტსკიდან საქართველოში პირდაპირი ავიარეისები არ სრულდება, თუმცა თბილისამდე მოხვედრა ტრანზიტული რეისებით არის შესაძლებელი.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შესაძლო ეპიდემიოლოგიურ საფრთხესთან დაკავშირებით საჯარო კომენტარი არ გაუკეთებიათ.
რა მოხდა რუსეთში?
შავი ჭირის შესაძლო შემთხვევაზე საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც 2 ოქტომბერს ირკუტსკის ოლქის ქალაქ შელეხოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის 28 წლის თანამშრომელი დარია შიპილოვა.
ადგილობრივი და დამოუკიდებელი მედიასაშუალებების წყაროების მიხედვით, არსებობდა ეჭვი, რომ ქალს ფილტვის შავი ჭირი ჰქონდა. ერთ-ერთი გავრცელებული ვერსიით, მას სამუშაო ადგილზე დაუზიანდა ჭირის გამომწვევი ბაქტერიის შემცველი სინჯარა. ამ ვერსიის დამოუკიდებელი დადასტურება არ არსებობს.
რუსეთის მომხმარებელთა უფლებებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამსახური, „როსპოტრებნადზორი“, აცხადებს, რომ გარდაცვლილს „დაუდგენელი ეტიოლოგიის პნევმონია“ ჰქონდა და გაფართოებული კვლევებით მასში პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული მიკროორგანიზმები არ აღმოჩნდა. უწყების თანახმად, ინსტიტუტში პათოგენურ მიკროორგანიზმებთან მუშაობისას ავარიული შემთხვევაც არ გამოვლენილა.
ინციდენტის შემდეგ დაახლოებით 200 ადამიანი, რომლებსაც გარდაცვლილთან კონტაქტი ჰქონდათ, სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ მოათავსეს. 189 მათგანის ჰოსპიტალიზაცია პრევენციული მიზნით მოხდა. ჩატარებული კვლევებით ორ ადამიანს COVID-19, ორს კი რინოვირუსი აღმოაჩნდა. სხვა ინფექციური დაავადების გამომწვევი მათთან არ გამოვლენილა.
6 ოქტომბერს „როსპოტრებნადზორმა“ განაცხადა, რომ კონტაქტში მყოფთა დაახლოებით 60%-ზე სამედიცინო მეთვალყურეობა უკვე დასრულებულია. უწყების ცნობით, ბოლო ათი დღის განმავლობაში ინფექციური დაავადების ნიშნებით ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის არცერთ თანამშრომელს ექიმისთვის არ მიუმართავს.
იმავე დღეს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ მას აცნობა, რომ ირკუტსკში შავი ჭირის დადასტურებული შემთხვევები არ არის და გარდაცვლილთან კონტაქტში მყოფთა კვლევების შედეგები საშიშ ინფექციებზე უარყოფითია. ჯანმო მოსახლეობისთვის რისკს დაბლად აფასებს. ამასთან, Reuters-ის თანახმად, კვლავ გაურკვეველია, კონკრეტულად რა ტესტები ჩაუტარდა გარდაცვლილ ქალს და საბოლოოდ გამოირიცხა თუ არა უშუალოდ მის შემთხვევაში შავი ჭირი.
ინციდენტის პირველ დღეებში შელეხოვის რაიონული საავადმყოფოს ნაწილი კარანტინში მოაქციეს, ხოლო ირკუტსკში რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტორებზე შეზღუდვები მოქმედებდა. ქალაქ შელეხოვის ალუმინის ქარხანაში პროფილაქტიკის მიზნით პირბადის რეჟიმიც შემოიღეს. რუსეთის ოფიციალური უწყებები აცხადებენ, რომ რეგიონში სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია.
„პრობლემის მასშტაბი არ ვიცით“
ინფექციონისტი, კლინიკა „ნეოლაბის“ კლინიკური დირექტორი მაია ბუწაშვილი წერს, რომ რუსეთში შავ ჭირთან დაკავშირებული შესაძლო პრობლემის რეალური მასშტაბი ამ ეტაპზე უცნობია.
მისი განმარტებით, ბუნებრივ პირობებში შავი ჭირის გამომწვევი ბაქტერია, Yersinia pestis, ძირითადად მღრღნელებსა და რწყილებში ცირკულირებს. დაავადების ყველაზე გავრცელებული, ბუბონური ფორმის დროს ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია მტკივნეული და გადიდებული ლიმფური კვანძი.
ფილტვის შავი ჭირი დაავადების ყველაზე მძიმე ფორმაა. ის შეიძლება განვითარდეს მაშინაც, როდესაც ინფექცია ფილტვებში ვრცელდება, ან მაშინ, როდესაც ადამიანი ინფიცირებულ რესპირაციულ წვეთებს შეისუნთქავს. ფილტვის ფორმა შავი ჭირის ერთადერთი ფორმაა, რომელიც ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.
აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის, CDC-ის განმარტებით, ინფიცირება, როგორც წესი, მოითხოვს ავადმყოფთან ახლო და უშუალო კონტაქტს. ბაქტერია ვრცელდება მსხვილი რესპირაციული წვეთებით და არა ისეთი წვრილი აეროზოლებით, რომლებიც ჰაერში დიდხანს რჩება. დროულად დაწყებული ანტიბიოტიკოთერაპია მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც გართულებების, ისე დაავადების სხვებისთვის გადაცემის საფრთხეს.
ბუწაშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ საბჭოთა კავშირში საშიში ეპიდემიოლოგიური ინციდენტების შესახებ ინფორმაცია ხშირად იმალებოდა. მაგალითად მოჰყავს 1979 წელს სვერდლოვსკში სამხედრო ობიექტიდან ჯილეხის სპორების შემთხვევითი გავრცელება, რომლის რეალური მიზეზიც საბჭოთა ხელისუფლებამ თავდაპირველად არ გაასაჯაროვა.
„ამჟამად რუსეთში შავ ჭირთან დაკავშირებული პრობლემის მასშტაბი არ ვიცით. იმედია, ეპიდემიის სახეს არ მიიღებს. თუმცა სიფრთხილეს თავი არ სტკივა“, - წერს ბუწაშვილი.
რა ზომებს იღებენ სხვა ქვეყნები?
ირკუტსკში განვითარებული მოვლენების შემდეგ ყაზახეთის ჯანდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთში ვითარებას აკვირდება და სახელმწიფო საზღვრის გამშვებ პუნქტებზე სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლს ახორციელებს. უწყების ცნობით, ქვეყანაში მაღალი ტემპერატურის ან განსაკუთრებით საშიში ინფექციის ნიშნების მქონე მგზავრი არცერთი სახის ტრანსპორტით არ გამოვლენილა.
ყირგიზეთმაც გააძლიერა სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლი სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს თანახმად, სასაზღვრო პუნქტები გაძლიერებული მზადყოფნის რეჟიმში მუშაობენ და კონტროლდება საზღვრის გადამკვეთი პირები, სატრანსპორტო საშუალებები და ტვირთები.
შესაბამისი ზომები მიიღო უზბეკეთმაც. ქვეყნის სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა შესაბამისი უწყებების მზადყოფნა გაზარდა, რათა თავიდან აიცილოს ინფექციის შესაძლო შემოტანა და გავრცელება. უზბეკეთის ხელისუფლების განცხადებით, ვითარებას რუსეთის ოფიციალური უწყებებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებზე დაყრდნობით აკვირდებიან.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ირკუტსკში განვითარებულ მოვლენებს CDC-სა და სხვა უწყებებთან ერთად აკვირდება და რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდა, დროულად და ღიად გააზიაროს სანდო ინფორმაცია. აშშ-ს რუსეთის მიმართულებით დამატებითი სამოგზაურო შეზღუდვები ამ ეტაპზე არ დაუწესებია.
რუსული და უცხოური მედიასაშუალებების ცნობით, მოსკოვის აეროპორტებში ირკუტსკიდან ჩაფრენილ მგზავრებს სიცხეზე ამოწმებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრებს თვითმფრინავიდან გასვლამდე ან აეროპორტში ტემპერატურას უზომავდნენ. ამ ზომის შესახებ რუსეთის შესაბამის უწყებებს საჯაროდ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებიათ.
ფორუმი