ამ შეფასებას ორგანიზაცია აკეთებს რუსეთის ჯანდაცვის უწყებიდან ოფიციალური დასტურის ან უარყოფის მოლოდინის ფონზე.
WHO-ს სპიკერმა ქრისტიან ლინდმაიერმა სამშაბათს ჟურნალისტებს განუცხადა:
„გარდაიცვალა ქალი, რომელიც ირკუსტსკის ოლქში მდებარე ლაბორატორიაში მუშაობდა და [რუსეთის - რ.თ.] ხელისუფლება იკვლევს - იყო თუ არა მისი გარდაცვალების მიზეზი პნევმონიური ჭირი“.
მან აღნიშნა, რომ გარდაცვლილი ქალის სამუშაო ადგილი იყო „ინსტიტუტი, რომელიც საშიშ პათოგენებს, მათ შორის ჭირს, იკვლევს ციმბირის იმ ნაწილში, სადაც ჭირი ბუნებრივ გარემოში გარეულ ცხოველებში ვლინდება“.
ლინდმაიერის განცხადებით, ამ დრომდე რუსეთის მიერ ოფიციალურად არ დადასტურებულა გარდაცვალების მიზეზი და არსებული ინფორმაციით, მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევა.
WHO-ს სპიკერმა ჟურნალისტებს გაუზიარა რუსეთის ჯანდაცვის უწყებიდან 6 ოქტომბერს მიღებული გზავნილი:
„ლაბორატორიული კვლევის შედეგებით, საშიში ინფექციური დაავადებების გამომწვევი პათოგენი არც ერთ კონტაქტში მყოფ პირში არ გამოვლენილა“.
რუსეთის ჯანდაცვის უწყების გზავნილი მიუთითებს, რომ დაავადება „თავდაპირველად გამოვლინდა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის სახით“.
მოვლენათა თანმიმდევრობის აღწერისას, ლინდმაიერმა განაცხადა, რომ 2 ოქტომბერს „შიდა მონიტორინგის სისტემის ყურადღება მიიპყრო მედიით გავრცელებულმა ცნობებმა ირკუტსკის ოლქში სავარაუდოდ პნევმონიური ჭირით ადამიანის გარდაცვალებაზე და შეუდგა ვითარების მონიტორინგს“.
მომდევნო დღეს, 3 ოქტომბერს მეტი ინფორმაციის მისაღებად WHO დაუკავშირდა რუსეთის ჯანდაცვის უწყებას, „ჯანდაცვის საერთაშორისო რეგულაციების“ მიხედვით „მოვლენის, მისი გარემოებების, მიმდინარე ლაბორატორიული კვლევებისა და მათი შედეგების შესახებ, აგრეთვე კონტაქტების მიკვლევის დასაბუთებაზე, მოძიებული კონტაქტების ჯანმრთელობის მდგომარეობასა და საერთაშორისო ჯანდაცვაზე პოტენციურ ზეგავლენაზე“.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიღებული ინფორმაციით, პაციენტის ყველა კონტაქტი გამოვლენილია და მათზე მიმდინარეობს მონიტორინგი - „ამ დრომდე დაავადების სიმპტომები მათგან არავის გამოვლენია“.
ქრისტიან ლინდმაიერმა განაცხადა, რომ არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, WHO-ს მიერ საფრთხის წინასწარი შეფასებით „ირკუტსკში სავარაუდო საფრთხე ფასდება "ზომიერიდან დაბლისკენ", მთლიანად რუსეთის ფედერაციაში საფრთხე არის "დაბალი" და WHO-ს ევროპის რეგიონისთვის საფრთხე არის „ძალიან დაბალი“".
პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ დაავადების გავრცელების საფრთხის დონის შეფასება განახლდება მეტი ინფორმაციის მიღების პარალელურად.
WHO ვითარებას გულდასმით აკვირდება, მუშაობს ქვეყნების ინფორმირებისთვის და „მზად არის რუსეთის ხელისუფლების მხარდასაჭერად, თუკი ასეთი თხოვნა იქნება“.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, ჭირს იწვევს ბაქტერია „იერსინია პესტისი“ (Yersinia pestis), რომელიც ჩვეულებრივ მცირე ზომის ძუძუმწოვრებსა და მათ პარაზიტ მწერებში გვხვდება. პნევმონიური ჭირი ჩნდება, როცა ბაქტერიით ინფიცირდება ფილტვები. WHO აღნიშნავს, რომ ჭირის ეს ფორმა განსაკუთრებით გადამდებია და „შეუძლია გამოიწვიოს მწვავე ეპიდემია ადამიანიდან ადამიანზე რესპირატორული ნაწილაკებით გადაცემის გზით“.
პნევმონიური ჭირი „მკურნალობის გარეშე დატოვების შემთხვევაში, შეიძლება სასიკვდილო აღმოჩნდეს დაავადების დაწყებიდან 18-დან 24 საათამდე პერიოდში, თუმცა ენტერობაქტერიის საწინააღმდეგო ანტიბიოტიკებით შესაძლებელია მისი ეფექტიანი მკურნალობა, თუკი მედიკამენტი ადრეულ ფაზაშივე იქნება გამოყენებული“.
2 ოქტომბერს რუსეთის სახელმწიფო მედიამ, ირკუტსკის ოლქის ქალაქ შელეხოვის საავადმყოფოზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია ირკუტსკის ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალების შესახებ. მიზეზად მითითებული იყო "ინფექციური დაავადება, რომლის ბუნებაც დგინდება". სხვა მედიასაშუალებებით ცნობილი გახდა, რომ გარდაცვლილი იყო 28 წლის დარია შაპილოვა და მიზეზი ფილტვის ჭირი იყო.
ფორუმი