სარჩელით პარლამენტის 88 წევრი ხუთი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობასა და მათ აკრძალვას ითხოვს. ეს პარტიებია „ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ძლიერი საქართველო - ლელო“, „ფედერალისტები“ და „გახარია საქართველოსთვის“.
რატომ გადაეცა სარჩელი პლენუმს?
პარტიების აკრძალვის მოთხოვნით შეტანილი წინა სარჩელები საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიას ჰქონდა გადაცემული. ახალი სარჩელი, რომელშიც ოთხ პარტიას „გახარია საქართველოსთვისაც“ დაემატა, პირველმა კოლეგიამ პლენუმს გადასცა.
სასამართლო განმარტავს, რომ მის პრაქტიკაში აქამდე არ შეფასებულა უკვე რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობისა და მისი აკრძალვის საკითხი. სასამართლოს შეფასებით, საქმე „იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას“ წარმოშობს.
განჩინებაში ასევე აღნიშნულია, რომ ხუთი პარტიის აკრძალვის მოთხოვნა საზოგადოების ფართო სპექტრზე ახდენს გავლენას და სასამართლოს თითოეული პარტიის მიმართ ცალ-ცალკე მოუწევს შეაფასოს, არსებობს თუ არა კონსტიტუციით გათვალისწინებული აკრძალვის საფუძვლები. პირველი კოლეგიის თანახმად, სწორედ ამიტომ მიზანშეწონილია, ამ საქმეზე კონსტიტუციური სტანდარტები პლენუმმა დაადგინოს.
გადაწყვეტილება პირველი კოლეგიის მოსამართლეებმა მიიღეს: ვასილ როინიშვილმა, ევა გოცირიძემ, გიორგი თევდორაშვილმა და გოგა კიკილაშვილმა.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონის შესაბამისად, თუ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია უფლებამოსილია, საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული განჩინებით საქმე განსახილველად გადასცეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს.
ვინ განიხილავს სარჩელს?
პლენუმში სასამართლოს ყველა მოქმედი მოსამართლე მონაწილეობს. ამჟამად საკონსტიტუციო სასამართლოში რვა მოქმედი მოსამართლეა: რევაზ ნადარაია, ვასილ როინიშვილი, ევა გოცირიძე, გიორგი თევდორაშვილი, მანანა კობახიძე, გიორგი მოდებაძე, სერგო მეთოფიშვილი და გოგა კიკილაშვილი.
მათგან მეთოფიშვილი და კიკილაშვილი სასამართლოში მუშაობას 5 ოქტომბერს, ფიცის დადების შემდეგ შეუდგნენ.
ისინი გიორგი კვერენჩხილაძესა და თეიმურაზ ტუღუშს ცვლიან, რომლებსაც 2 ოქტომბერს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადა ამოეწურათ.
საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლო ცხრა მოსამართლისგან უნდა შედგებოდეს: სამს პრეზიდენტი ნიშნავს, სამს პარლამენტი ირჩევს, სამს კი უზენაესი სასამართლო ნიშნავს.
სასამართლოში ერთი ადგილი ვაკანტურია მას შემდეგ, რაც 2025 წლის ოქტომბერში უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდა ირინე იმერლიშვილს, რომელიც პარლამენტის კვოტით იყო დანიშნული. პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევას სრული შემადგენლობის სამი მეხუთედი, ანუ 90 ხმა სჭირდება. „ქართულმა ოცნებამ“ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგად 89 მანდატი მიიღო.
პარტიების აკრძალვის მოთხოვნა
პარტიების აკრძალვის მოთხოვნა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა ორჯერ შეცვალეს.
პირველი სარჩელი 2025 წლის 31 ოქტომბერს სამი პარტიის აკრძალვის მოთხოვნით შეიტანეს. მოგვიანებით მოთხოვნა გაფართოვდა: 2026 წლის აპრილში ახალ სარჩელს „ფედერალისტები“ დაემატა, სექტემბერში კი „გახარია საქართველოსთვის“.
ყოველი ახალი სარჩელის შეტანასთან ერთად თავიდან იწყება მისი განხილვისთვის კანონით განსაზღვრული ვადის ათვლაც. ორგანული კანონის მიხედვით, პოლიტიკური პარტიის საქმიანობის კონსტიტუციურობის შესახებ სარჩელზე გადაწყვეტილების გამოტანის ვადა სარჩელის შეტანიდან ცხრა თვეს არ უნდა აღემატებოდეს.
შესაბამისად, მოქმედ სარჩელზე ცხრა თვე 24 სექტემბრიდან ითვლება და გადაწყვეტილების მისაღებად მაქსიმალური ვადა 2027 წლის 24 ივნისია. წინა, 21 აპრილს შეტანილ წინა სარჩელზე ეს ვადა 2027 წლის 21 იანვარს იწურებოდა. ამგვარად, ახალი სარჩელის შეტანით საქმის განხილვის მაქსიმალური ვადა დაახლოებით ხუთი თვით გადაიწია.
ოპოზიციური პარტიების შესაძლო აკრძალვას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორები აკრიტიკებენ, მათ შორის ევროკავშირი. ევროკომისიის 2025 წლის საქართველოს ანგარიშში „ქართული ოცნების“ მიერ გარკვეული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის განზრახვა და ამ საკითხზე წარმოებული კამპანია შეფასებულია როგორც დემოკრატიული პლურალიზმის პრინციპზე პირდაპირი თავდასხმა.
ამასთან, ევროპარლამენტში 7 ოქტომბერს დაგეგმილია დებატები სახელწოდებით „მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მცდელობები, აკრძალოს ოპოზიციური პარტიები საქართველოში“, ხოლო 8 ოქტომბერს რეზოლუციის პროექტს უყრიან კენჭს.
ფორუმი