უკრაინაში მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა რუსეთის მასირებულ კომბინირებულ შეტევას

რუსეთის საჰაერო დარტყმით გამოწეული ნგრევა და ხანძარი კიევში (საილუსტრაციო ფოტო)
რუსეთის საჰაერო დარტყმით გამოწეული ნგრევა და ხანძარი კიევში (საილუსტრაციო ფოტო)

რუსეთის ჯარებმა ექვსიდან შვიდი ოქტომბრის ღამით უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევა დაიწყეს. საჰაერო განგაში ღამის სამი საათისთვის გამოცხადდა.

უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, მოწინააღმდეგემ ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 7 ოქტომბერს გამთენიისას სოციალური ქსელებით დაიწყეს პირველადი შედეგების გამოქვეყნება.

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ცნობით, ქალაქის რამდენიმე რაიონში დარტყმა იყო არასაცხოვრებელ შენობებსა და საწყობებზე. დაიღუპა ორი ადამიანი.

დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლექსანდრ განჟას ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა ქალაქ დნეპრში სამრეწველო საწარმოს დაარტყეს. განჟას კონკრეტული საწარმო არ დაუსახელებია.

ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მიხაილო სემიკინის ცნობით, ქალაქ ზაპოროჟიეში შეტევა იყო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტზე. კონკრეტული ობიექტი არც მას დაუსახელებია.

განახლება: უკრაინაზე რუსეთის მასირებული კომბინირებული შეტევა 7 ოქტომბერს დილითაც გაგრძელდა და ისევ მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა.

რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დანგრეული სახლი უკრაინის ქალაქ პრილუკიში. 2026 წლის 7 ოქტომბერი
რუსეთის სარაკეტო შეტევის შედეგად დანგრეული სახლი უკრაინის ქალაქ პრილუკიში. 2026 წლის 7 ოქტომბერი

ჩერნიგოვის ოლქის პოლიციის ინფორმაციით, სარაკეტო შეტევის შედეგად მსხვერპლია რეგიონის ქალაქ პრილუკიში. ადგილობრივი დროით დილის ცხრა საათის მდგომარეობით, დაიღუპა ოთხი და დაშავდა 20 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი. დარტყმა იყო მრავალბინიან სახლზე, ბავშვთა ხელოვნების სახლსა და საწარმოზე.

პოლტავის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სულ მცირე ორი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაიჭრა ქალაქ კრემენჩუგში, სადაც დაზიანებულია მრავალბინიანი სახლები და საწარმო.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაიჭრა კიროვოგრადის ოლქის ქალაქ ოლექსანდრიაში, სადაც დარტყმა იყო ერთ-ერთ საწარმოზე.

განახლება: 7 ოქტომბერს ღამით უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა ივან ვიგივსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ სულ დაიღუპა 28 ადამიანი, მათგან 20 ქალაქ პრილუკიში, სადაც დაღუპულთა შორის 5 ბავშვია.

  • 6 ოქტომბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაზე მორიგი მასირებული შეტევისთვის ემზადება.

უკრაინის საჰაერო ძალების მონაცემებით, 6 ოქტომბრის საღამოდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს გემსაწინააღმდეგო რაკეტებით „ცირკონი/ონიქსი“, ბალისტიკური რაკეტებით „ისკანდერი“, 48 ფრთოსანი რაკეტით და 130 უპილოტო საფრენი აპარატით, რომელთაგან 46 რეაქტიული იყო.

საჰაერო ძალების სარდლობას არ დაუკონკრეტებია რუსეთის მიერ გამოყენებული გემსაწინააღმდეგო და ბალისტიკური რაკეტების რიცხვი. ოფიციალური მონაცემებით, ამ ტიპის რაკეტებიდან 5 მოიგერიეს, 39 ფრთოსან რაკეტასა და 117 დრონთან ერთად. ადგილობრივი დროით დილის ცხრა საათისთვის დადასტურებული იყო რუსული რაკეტებით და დრონებით პირდაპირი დარტყმა 18 ადგილზე.

რას დაარტყეს უკრაინაში რუსეთის ვერსიით

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური არხებით 7 ოქტომბერს დილით გავრცელებული ინფორმაციით, რაკეტებით და დრონებით კიევში დაარტყეს საწარმოს, სადაც ფრთოსან და ოპერატიულ-ტაქტიკურ რაკეტებს აწყობენ და ინახავენ და დრონების ამწყობ საამქროს; კიევის ოლქში - მუყაო-ქაღალდის კომბინატს, რომლის ბაზაზეც ფრთოსან რაკეტებს, „ფლამინგოს“ აწარმოებენ; ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ პრილუკიში - ამავე ტიპის რაკეტების მწარმოებელ საწარმო „პლასტმასს“; კიროვოგრადის ოლქის ქალაქ ალექსანდრიაში(უკრ.ოლექსანდრია) - დრონების მაკომპლექტებლების მწარმოებელ საამქროს; დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ დნეპრში - ფრთოსანი რაკეტების და დრონების მწარმოებელ მანქანათმშენებელ ქარხანას; პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუგში - ქარხანა „ავტოკრაზს“, სადაც რაკეტების გამშვები დანადგარების ნაწილებს ამზადებენ და თამბაქოს ქარხანა JTI-ს, რომელსაც საბრძოლო მასალების წარმოებისთვისაც იყენებენ; ხარკოვის ოლქის ლოზოვაიას რაიონში - სამხედრო დანიშნულების მექანიკურ ქარხანას; ოდესის ოლქში - იზმაილის პორტში მდებარე გემთმშენებელ ქარხანას და ქალაქ ოდესის პორტში - სატვირთო გემს, რომელსაც სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ტვირთი გადაჰქონდა.

ეს მონაცემები სხვა წყაროებით დადასტურებული არ არის.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, როგორც წესი, არაფერს ამბობს სახლების ნგრევასა და მსხვერპლზე მშვიდობიან მოსახლეობაში.









​
XS
SM
MD
LG