მთავრობის სხდომაზე კობახიძემ ქვრივიშვილსა და „ეკონომიკურ გუნდს“ რამდენიმე მიმართულებით გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა, მათ შორის ჩინეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის გააქტიურებისთვის, საგარეო ვალის შემცირებისა და ფისკალური კუთხით „სწორი მაჩვენებლების შენარჩუნებისა და უზრუნველყოფისთვის“.
„მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში კიდევ უფრო წარმატებულ საქმიანობაში, ეკონომიკის სექტორის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებაში“, - თქვა კობახიძემ.
სხდომის შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა კობახიძის ბრძანება ქვრივიშვილისთვის ვიცე-პრემიერის მოვალეობის დაკისრების შესახებ.
მარიამ ქვრივიშვილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრად 2025 წლის 24 ივნისს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ლევან დავითაშვილი შეცვალა.
მთავრობაში ვიცე-პრემიერის თანამდებობები ასევე უკავიათ თავდაცვის მინისტრ ირაკლი ჩიქოვანსა და საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს.
ქვრივიშვილის ქონება
მარიამ ქვრივიშვილი 36 წლისაა. 2026 წლის 28 აპრილს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მის საკუთრებაშია თბილისში 147 კვ.მ ბინა და წავკისში 1047 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ბინა მან 98 ათას დოლარად, მიწის ნაკვეთი კი 139 251 დოლარად შეიძინა.
დეკლარაციაში ასევე მითითებულია BMW X6-ის ავტომობილი, შეძენილი 60 ათას დოლარად, ორი Rolex-ის საათი, Cartier-ის სამაჯური და ბეჭედი. ერთ-ერთი Rolex ქვრივიშვილს 2016 წელს აჩუქეს, მეორე კი 2017 წელს 12 ათას დოლარად შეიძინა.
საბანკო ანგარიშებზე ქვრივიშვილს დეკლარირებული აქვს, მათ შორის, 400 ათასი ლარისა და 343 ათასი დოლარის ანაბრები.
2025 წელს ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან მისმა ხელზე მიღებულმა შემოსავალმა 111 277 ლარი შეადგინა. ამავე წელს უძრავი ქონების გაქირავებიდან 13 287 დოლარის შემოსავალი მიიღო.
მის სახელზე ასევე დეკლარირებულია 57 ათასი ლარის იპოთეკური სესხი.
ქვრივიშვილის მეუღლეა შპს „აჭარა ჰოლდინგის“ მმართველი დირექტორი ოთარ ბერიშვილი.
ფორუმი