Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში შესაძლოა ე.წ. Yellow box-ები დაინერგოს

თბილისში გზაჯვარედინებზე იგეგმება ე.წ. Yellow box-ების, საგზაო კვადრატების ქსელის დანერგვა. თბილისის მერმა კახა კალაძემ ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად მუშაობა დაავალა.

Yellow box-ი გზაჯვარედინის მონიშნული ზონაა, რომელშიც ავტომობილმა არ უნდა შეაღწიოს, თუ წინ გასასვლელი თავისუფალი არ არის და არსებობს რისკი, რომ მანქანა გზაჯვარედინზე გაჩერდება და სხვა მიმართულებით მოძრაობას გადაკეტავს.

როგორ მუშაობს Yellow box

მაგალითად, დიდი ბრიტანეთის საგზაო წესებით, მძღოლს ყვითლად მონიშნულ ზონაში შესვლა ეკრძალება, ვიდრე გასასვლელი გზა ან ზოლი თავისუფალი არ იქნება. გამონაკლისია მარჯვნივ მოხვევა, როდესაც ავტომობილი მხოლოდ საპირისპირო მიმართულებიდან მომავალი ტრანსპორტის გამო ჩერდება.

მსგავსი საგზაო მონიშვნები გამოიყენება, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, ჰონგ-კონგსა და სინგაპურში. მათი მიზანია გადატვირთულ გზაჯვარედინებზე ავტომობილების გაჩერებისა და მოძრაობის ერთმანეთისთვის გადაკეტვის თავიდან აცილება.

კალაძის თქმით, მსგავსი პრობლემა თბილისშიც ხშირია: მძღოლი მწვანე შუქზე შედის გზაჯვარედინზე, თუმცა წინ მოძრაობას ვეღარ აგრძელებს და სხვა მიმართულებით მოძრავ ავტომობილებს გზას უკეტავს. მისი თქმით, ასეთი შემთხვევები ყოველდღიურად გვხვდება, მოძრაობის ჩაკეტვას კი ხშირად ჯაჭვური რეაქცია მოჰყვება და პრობლემა სხვა გზაჯვარედინებზეც ვრცელდება.

მერიის მიერ გავრცელებული ფოტო
მერიის მიერ გავრცელებული ფოტო

„შუქნიშანზე მწვანე მაშუქის შემთხვევაშიც კი, მძღოლი არ უნდა გადავიდეს გზაჯვარედინზე, თუ ის, სავარაუდოდ, გაჩერდება და დააბრკოლებს მოძრაობას, თუმცა რთულია ადმინისტრირება და ამ ნაწილში კანონის აღსრულება“, - თქვა კალაძემ.

მისი თქმით, თბილისში პიკის საათში 900 000-მდე ავტომობილი გადაადგილდება.

„პირობითად 2012 წლამდე, ეს იყო, დაახლოებით, 180 000 კერძო ავტომობილი, დღეს კი უკვე პიკის საათში 900 000-მდე ავტომობილი მოძრაობს, რაც არის ძალიან დიდი პრობლემა და სერიოზული გამოწვევაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მერიას ამ ეტაპზე არ დაუკონკრეტებია, თბილისის რომელ გზაჯვარედინებზე შეიძლება მოეწყოს Yellow box-ები და როდის დაიწყება მათი დანერგვა.

  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG