Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოკუპირებულ აფხაზეთში ბენზინის დეფიციტი აღმოფხვრილია - „სოლიდუსი“

ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის დეფიციტი ამ ეტაპზე აღმოფხვრილია, ეუბნება რადიო თავისუფლებას კომპანია „სოლიდუსის“ მფლობელი გიორგი არველაძე.

მისი თქმით, ამის ერთ-ერთი მიზეზია აფხაზეთის ბაზარზე შედარებით იაფი და დაბალი ხარისხის რუსული ბენზინის შეტანა. ამასთან, ტურისტული სეზონის დასრულების შემდეგ საწვავზე მოთხოვნაც შემცირდა.

„სოლიდუსმა“ აფხაზეთში აგვისტოში შეიტანა 1 700 ტონა ბენზინი, რომლის 69% 95-ოქტანიანი, ე.წ. პრემიუმ ბენზინი იყო. სექტემბრის დასაწყისში კომპანიამ ენგურის ხიდის გავლით აფხაზეთში კიდევ დაახლოებით 200 ტონა საწვავი გაგზავნა.

არველაძის თქმით, კომპანია მიწოდების განახლებას იმ შემთხვევაში გეგმავს, თუ აფხაზეთში შესაბამისი მოთხოვნა გაჩნდება.

რას ამბობენ სოხუმში

სექტემბრის ბოლოს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ განაცხადა, რომ რეგიონში ერთი თვისთვის საჭირო რაოდენობის საწვავი უკვე შეტანილი იყო, მაგრამ მიწოდების ალტერნატიული გზების ძიება გრძელდებოდა.

გუნბას თქმით, „ალტერნატიული წყაროებიდან“ საწვავის შეძენას ართულებდა შავ ზღვაში არსებული ვითარებაც: სადაზღვევო კომპანიები ტვირთების დაზღვევაზე უარს ამბობდნენ, რის გამოც საწვავის ზღვით გადაზიდვა „მნიშვნელოვან ფინანსურ რისკებთან იყო დაკავშირებული“.

მისივე განცხადებით, დე ფაქტო ხელისუფლება საწვავის კომპანიებს სესხებსაც აძლევდა, რათა საჭირო მოცულობის საწვავის მიწოდება მომხდარიყო.

გუნბამ ასევე განმარტა, რომ „ალტერნატიული მიმართულებებიდან“ (ანუ საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან - რ.თ.) შეძენილი საწვავი უფრო ძვირია, რადგან აფხაზეთს ამ მომწოდებლებთან რუსეთის მსგავსად შეღავათიანი შეთანხმებები არ აქვს.

მისი თქმით, ენგურის ხიდის გავლით შეტანილ საწვავზე დე ფაქტო ხელისუფლება ბიზნესს საბაჟო და საგადასახადო მოსაკრებლებს არ ახდევინებდა, რათა საწვავის საბოლოო ფასი კიდევ უფრო არ გაზრდილიყო.

გუნბამ საწვავის ბაზარზე არსებული მდგომარეობა პოტენციურად კრიტიკულადაც შეაფასა და თქვა, რომ ხელისუფლება ზამთრის პერიოდის გათვალისწინებით მიწოდების სხვადასხვა ვარიანტზე მუშაობას აგრძელებს.

კონტექსტი

აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან ბენზინის შეტანის შესახებ 12 აგვისტოს გახდა ცნობილი. „სოლიდუსის“ მფლობელმა გიორგი არველაძემ რადიო თავისუფლებას მაშინ დაუდასტურა, რომ საწვავი მისმა კომპანიამ შეიტანა.

აფხაზეთში ბენზინისა და დიზელის მწვავე დეფიციტი ტურისტული სეზონის პიკზე შეიქმნა. ამის მიზეზი რუსეთიდან საწვავის მიწოდების შეფერხება იყო, რაც, თავის მხრივ, უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ და სხვა ენერგეტიკულ ობიექტებზე განხორციელებულ დარტყმებს უკავშირდებოდა.

18 აგვისტოს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აფხაზეთის მიმართულებით დამატებითი საწვავის ტრანსპორტირება იგეგმებოდა და ამ გზით „ჰუმანიტარული პრობლემა მთლიანად აღმოიფხვრებოდა“.

ექსპერტებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი ვარაუდობდა, რომ აფხაზეთში მიწოდებული საწვავი შესაძლოა რუსულ სამხედრო ბაზებზე ან რუსეთის ტერიტორიაზეც მოხვედრილიყო. ამას უარყოფდნენ როგორც „სოლიდუსში“ და საქართველოს ხელისუფლებაში, ისე აფხაზი ექსპერტებისა და ჟურნალისტების ნაწილი.

  • 16x9 Image

    სანდრო ჯუფალაკიანი

    მუშაობს კონფლიქტებისა და ეკონომიკის თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2020 წლიდან.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG