რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ლაბორატორიის 28 წლის თანამშრომელი პარასკევს ჯერ კიდევ დაუდგენელი წარმოშობის პნევმონიით გარდაიცვალა; აღნიშნულმა შემთხვევამ საერთაშორისო შეშფოთება გამოიწვია, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მხრიდან. თავდაპირველად 200-მდე ადამიანი მოათავსეს კარანტინში.
რუსეთის ჯანდაცვის ზედამხედველობის სამსახურმა სამშაბათს განაცხადა, რომ გარდაცვლილ თანამშრომელთან, დარია შიპილოვასთან, კონტაქტში მყოფი არცერთი პირის შემთხვევაში შავი ჭირი არ გამოვლენილა, ხოლო ადგილობრივმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ კარანტინში მოთავსებულთა 60% უკვე გაუშვეს.
თუმცა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადჰანომ ღებრეიესუსმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ მის ორგანიზაციას რუსეთისგან მეტი ინფორმაცია სჭირდება მომხდარში სრულად გასარკვევად.
„ორგანიზაციამ მოითხოვა დამატებითი ინფორმაცია მწვავე პნევმონიის მიზეზის, იმ პათოგენის დასადგენად, რომლის გამოც მიღებული იქნა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ზომები და ასევე, დაუდგენელი მიზეზით გამოწვეული პნევმონიის მქონე მეორე თანამშრომლის შესახებ მედიით გავრცელებული ცნობების დასაზუსტებლად“, — განაცხადა მან.
„საერთაშორისო ჯანდაცვის წესების შესაბამისად, ინფორმაციის დროული, სრული და გამჭვირვალე გაზიარება აუცილებელია წინააღმდეგობრივი ცნობების დასაზუსტებლად და საზოგადოებრივი ჯანდაცვის პოტენციური რისკების ზუსტი შეფასების უზრუნველსაყოფად“, - ფიქრობს ღებრეიესუსი.
კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთმა დადგენილი პროცედურების შესაბამისად, სათანადოდ აცნობა WHO-ს ინციდენტის შესახებ.
შეკითხვაზე, თუ რას უპასუხებდა WHO-ს თხოვნას ციმბირში მეორე პირის სავარაუდო დაავადების შესახებ მედიაში გავრცელებულ ცნობებთან დაკავშირებით, კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა მოუწოდა ყველას, ფრთხილად მოჰკიდებოდნენ მედიის ცნობებს.
„მედიაში უამრავი ინფორმაცია ვრცელდება, და იმის უდიდესი ნაწილი, რასაც მედია ამ ვითარების შესახებ იუწყება, ყალბი ინფორმაციაა“, — განაცხადა პესკოვმა.
მან მედიასა და სხვა პირებს ურჩია, დაჰყრდნობოდნენ რუსეთის ჯანდაცვის ზედამხედველობის ორგანოს, „როსპოტრებნადზორის“ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას. ამ უკანასკნელს WHO-ს შეკითხვებთან დაკავშირებით ოთხშაბათს კომენტარის თხოვნით Reuters-მა მიმართა, თუმცა პასუხი დაუყოვნებლივ არ გაუცია.
ზოგიერთმა დასავლურმა მედიასაშუალებამ - დაუსახელებელ „რუსულ მედიაზე“ დაყრდნობით - გაავრცელა ინფორმაცია, რომ ციმბირში შავი ჭირით მეორე ადამიანიც დაიღუპა.
Reuters-მა ვერ შეძლო რუსულ მედიაში მსგავსი სტატიების ან იმის მტკიცებულებების მოძიება, რომ ციმბირში მეორე ადამიანიც დაიღუპა, თუმცა სოციალურ ქსელებში ზოგიერთი ბლოგერი ამას მტკიცებულებების გარეშე აცხადებს.
ტედროსის მოწოდება დამატებითი ინფორმაციის გაზიარების თაობაზე ეხმიანებოდა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მოწოდებას, რომ მოსკოვმა ინციდენტის შესახებ მეტი ინფორმაცია უნდა გააზიაროს.
მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ჯანდაცვის ზედამხედველობის სამსახურმა განაცხადა, რომ შიპილოვა პნევმონიით დაავადების შემდეგ გარდაიცვალა, მას საჯაროდ არ განუმარტავს, რამ გამოიწვია პნევმონია ან როგორ დაავადდა იგი.
პნევმონიას, ფილტვების ინფექციას, შესაძლოა სხვადასხვა მიზეზი ჰქონდეს, მათ შორის შავი ჭირი, ისევე როგორც სხვა ბაქტერიული ინფექციები ან ვირუსული რესპირატორული დაავადებები, როგორიცაა გრიპი ან COVID-19.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რუსეთისგან შავ ჭირთან ბრძოლის ინსტიტუტის თანამშრომლის გარდაცვალების დეტალებს ითხოვს, კრემლი მედიას უტევს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ოთხშაბათს განაცხადა, რომ რუსეთს მეტი ინფორმაცია მოსთხოვა იმის შესახებ, რამ მოკლა ციმბირში შავ ჭირთან ბრძოლის ინსტიტუტის თანამშრომელი. კრემლმა აღნიშნა, რომ მოსკოვმა უკვე გააზიარა ის, რაც იცოდა და მედია სიცრუის გავრცელებაში დაადანაშაულა.
ფორუმი