Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა დაბადების დღე „ძველ მეგობარ“ შრიოდერთან ერთად აღნიშნა

ფოტო არქივიდან. გერჰარდ შრიოდერი(მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 2018 წლის ივნისი.
ფოტო არქივიდან. გერჰარდ შრიოდერი(მარცხნივ) და ვლადიმირ პუტინი. მოსკოვი, 2018 წლის ივნისი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავისი დაბადების დღე გერმანიის ყოფილ კანცლერთან, რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ყოფილ თავმჯდომარესთან, გერჰარდ შრიოდერთან ერთად აღნიშნა.

  • პუტინი 74 წლის გახდა 7 ოქტომბერს. სტუმრებს შორის რომ შრიოდერიც იყო, ეს კრემლმა მეორე დღეს, 8 ოქტომბერს ღამით განაცხადა.

კრემლის ოფიციალური ტექსტის მიხედვით, პუტინმა 7 ოქტომბერს დილით „მასმედიით შეიტყო“, რომ გერჰარდ შრიოდერი მოსკოვშია „კომპანია გლობუსის საქმეებზე“, თავისი „ძველი მეგობარი სახლში მიიწვია“ და „გერჰარდ შრიოდერი ვლადიმირ პუტინთან ერთად იყო, როცა სახელმწიფოს მეთაური თავის დაბადების დღეს აღნიშნავდა“. კრემლმა პუტინის და შრიოდერის ფოტოებიც გამოაქვეყნა.

შრიოდერის ახალი სამსახური რუსეთში

82 წლის გერჰარდ შრიოდერს რუსეთში ახალი სამსახური აქვს. ოქტომბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ შრიოდერი კომპანია „ჰიპერგლობუსის” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა და „სტრატეგიულ განვითარებას” უხელმძღვანელებს.

ეს რუსული კომპანია ჰიპერმარკეტების ქსელის მფლობელი გერმანული ჰოლდინგის, „გლობუსის” ყოფილი შვილობილი კომპანიაა.

გერმანულ მაუწყებელს, DW-ს ჰოლდინგში განუცხადეს, რომ 2025 წლის პირველი იანვრიდან რუსეთში არსებული ჰიპერმარკეტები გერმანული „გლობუსის“ სტრუქტურაში აღარ არიან.

7 ოქტომბერს შრიოდერი ცოლთან ერთად იმყოფებოდა ჰიპერმარკეტების ქსელ „გლობუსის“ ერთ-ერთ ფილიალში, მოსკოვში. რუსული მედიის ცნობით, შრიოდერი ქსელის ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს შეხვდა.

  • სოციალ-დემოკრატი გერჰარდ შრიოდერი გერმანიის კანცლერი იყო 1998-2005 წლებში. მას პუტინის პირად მეგობრად მოიხსენიებენ.
  • კანცლერობის შემდეგ შრიოდერმა საქმიანობა დაიწყო ნავთობის და გაზის სფეროში და რუსეთის პროექტებს ლობირებდა.
  • 2017 წელს შრიოდერი აირჩიეს რუსეთის სახელმწიფო კომპანია „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარედ. ეს თანამდებობა მხოლოდ უკრაინაში რუსული არმიის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დატოვა სამშობლოში, გერმანიაში მწვავე კრიტიკის და ევროკავშირის მხრიდან სანქციების საფრთხის გამო.

2026 წლის მაისში რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის და ევროპის უსაფრთხოების საკითხებზე ევროკავშირის მხრიდან სასურველ მომლაპარაკებლად შრიოდერი დაასახელა. ევროკავშირმა შრიოდერის კანდიდატურას მიუღებელი უწოდა.




ფორუმი

​
XS
SM
MD
LG