მონტენეგროს მედიასაშუალებების, Pobjeda-ს და Vijesti-ს ინფორმაციით, ზვინჩუკი და სხვები 9 ოქტომბერს დილით დააკავეს ქალაქ რისანში. დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდნენ ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებიც.
რა არის ცნობილი
გამოცემა Vijesti-ს თანახმად, მონტენეგროს სპეცსამსახურებმა წინასწარ იცოდნენ „რიბარის“ წარმომადგენელთა ვიზიტის შესახებ და რამდენიმე დღის განმავლობაში მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდათ.
გამოცემის წყაროთა ცნობით, პოლიციის და უსაფრთხოების სამსახურის კოორდინირებული მოქმედება მიმართულია ჰიბრიდული საქმიანობის წინააღმდეგ იმ ქსელის, რომელსაც დიდი ბრიტანეთი და აშშ აკავშირებენ კრემლის პროპაგანდის გავრცელებასთან და უცხოური გავლენის საინფორმაციო ოპერაციებთან.
Vijesti-ს ინფორმაციით, ზვინჩუკს და მასთან ერთად დაკავებულებს თან ჰქონდათ დრონები და ციფრული და ელექტრონული მოწყობილობები.
განახლება: „რიბარმა“ დაადასტურა, რომ მიხაილ ზვინჩუკი მონტენეგროში დააკავეს „რუსეთის სხვა მოქალაქეებთან ერთად". პროპაგანდისტული არხი ირწმუნება, რომ ზვინჩუკი და მისი კოლეგები მონტენეგროში „ლეგალურად და ოფიციალურად" იმყოფებოდნენ და გეგმავდნენ ქალაქ ცეტინეში მდებარე მონასტრის გადაღებას.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ სახელმწიფო სააგენტო „ტასს“ განუცხადა, რომ რუსეთის საელჩო მონტენეგროში არკვევს მიხაილ ზვინჩუკის დაკავების გარემოებებს.
ევროკავშირის წევრობის კანდიდატი მონტენეგროს პრემიერ-მინისტრმა მილოიკო სპაიჩმა ზვინჩუკის დაკავების შემდეგ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ მონტენეგრო იცავს თავის ინტერესებს და ვერავინ შეუქმნის საფრთხეს ქვეყნის ევროპულ მომავალს.
- მიხაილ ზვინჩუკი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ყოფილი თანამშრომელია.
- ზვინჩუკის წინააღმდეგ ევროკავშირის და დიდი ბრიტანეთის სანქციები მოქმედებს.
- ევროკავშირი „რიბარს“ ადანაშაულებს რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელებასა და ე.წ. ჰიბრიდულ ოპერაციებთან კავშირში.
- „რიბარს“ ადანაშაულებენ აშშ-ის პოლიტიკაში ჩარევაშიც. 2024 წელს შეერთებულმა შტატებმა ათ მილიონამდე დოლარის ჯილდო დააწესა ინფორმაციისთვის, რომელიც ხელს შეუწყობდა „რიბართან“ კავშირის მქონე პირების ვინაობის ან ადგილსამყოფლის დადგენას.
ფორუმი