1945 წლის შემდეგ ჰასანი იქნება პირველი ადამიანი, რომელსაც სიკვდილით დასჯის აშშ-ის არმიის დამხვრეტთა რაზმი. ამ აქტის ეთერით გადაცემა უპრეცედენტო შემთხვევა იქნება.
განაჩენის აღსრულება 3 დეკემბერსაა დანიშნული, ტეხასის იმავე ბაზაზე, სადაც ჰასანმა სამედიცინო დაწესებულებაში ცეცხლი გახსნა და ადამიანები დახოცა. მისთვის გამოტანილი განაჩენის ფონია აშშ-ში სიკვდილით დასჯის შესახებ გამძაფრებული დისკუსია - მას მერე, რაც გასულ კვირაში წარუმატებლად დასრულდა სასიკვდილო ინიექციით ტენესის შტატიდან ქალის განაჩენის აღსრულება.
"ეს პირდაპირი სტრიმით გადაიცემა. დეტალები დაკონკრეტდება" - უთხრა პენტაგონის წარმომადგენელმა სააგენტო Reuters-ს, ანონიმურობის დაცვის პირობით.
სიკვდილით დასჯის სტრიმით გადაცემის გეგმა პლატფორმაზე X დაადასტურა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეთმა, რომელიც გამოდიოდა მოწოდებით ჰასანი დამხვრეტთა რაზმს დაესაჯა.
სააგენტო ფრანს-პრესი (AFP) ავრცელებს გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლის შეფასებას - რომ "სიკვდილით დასჯის პირდაპირი ეთერით ჩვენება სიკვდილით საჯაროდ დასჯის ტოლფასია, და ეს დაარღვევს წამების აბსოლუტურ აკრძალვას".
მედიას წარსულშიც უცდია აშშ-ში აღსრულებული სასიკვდილო განაჩენების ეთერში გადაცემა, მაგრამ მას ამის საშუალებას სასამართლოები არ აძლევდნენ. ანალიტიკოსების შეფასებით, სიკვდილით დასჯის კანონიერი განაჩენის აღსრულების აქტს ტელევიზიით არცერთი ქვეყანა არ აჩვენებს.
სიკვდილით დასჯის აქტების საჯაროდ მოწყობა მსოფლიოში ამჟამად იშვიათია. ბოლო წლებში ეს ხდება ირანში და თალიბანის მიერ მართულ ავღანეთში - წერს სააგენტო Reuters-ი.
სასამართლოს მიღმა აღსრულებული, ლინჩის წესით დასჯის საჯარო სცენები აშშ-ში მეოცე საუკუნის პირველ ხანებამდეც იყო. ლინჩის წესით, როგორც წესი, თეთრკანიანი მოძალადეების ჯგუფები სჯიდნენ შავკანიან ამერიკელებს.
კანონიერი სიკვდილით დასჯა აშშ-ში საჯაროდ ბოლოს 1936 წელს ჩატარდა - ამბობენ სიკვდილით დასჯის ფენომენის შემსწავლელი ანალიტიკოსები. 1936 წელს ათასობით ადამიანმა უყურა ახალგაზრდა შავკანიანი კაცის ჩამოხრჩობას - მას თეთრკანიანი ქალის გაუპატიურებაში ადანაშაულებდნენ.
"ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ხალხს ამის ხილვა შეეძლოს, რომ ეს საჯარო იყოს. იმიტომ, რომ ხალხმა უნდა გაიგოს... ასეთ რაღაცეებს სერიოზული შედეგები მოჰყვება", - განაცხადა ჰეგსეთმა გადაცემაში Human Events Daily.
კითხვას, აქვს თუ არა ჰასანს რაიმე უკანასკნელი თხოვნა, ჰეგსეთმა უპასუხა - "ეს არ მაინტერესებს. მას 3 დეკემბერს ვიხილავთ".
ჰასანს სასიკვდილო განაჩენი სამხედრო ტრიბუნალმა გამოუტანა 2013 წლის აგვისტოში - იგი დამნაშავედ ცნეს წინასწარ დაგეგმილ მკვლელობებში.
ჰასანი ამჟამად 56 წლისაა. დანაშაული მან ჩაიდინა ავღანეთში გადაყვანამდე რამდენიმე კვირით ადრე. დაპატიმრების მომენტში იგი პოლიციამ დაჭრა, რის შემდეგაც ის ნაწილობრივ პარალიზებულია და ეტლით სარგებლობს.
აშშ-ის სამხედრო კანონებით, სასიკვდილო განაჩენის დამხვრეტთა რაზმის მიერ აღსრულება აშშ-ის პრეზიდენტმა უნდა დაადასტუროს. პენტაგონმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ ჰეგსეთის რჩევის საფუძველზე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შესაბამისი თანხმობა უკვე გასცა.
სააგენტო Reuters-ის თანახმად, თეთრმა სახლმა უარი თქვა ეპასუხა შეკითხვაზე, უჭერს თუ არა ტრამპი მხარს სიკვდილით დასჯის პირდაპირ ეთერში ჩვენებას, და კითხვები პენტაგონთან გადაამისამართა.
ფორუმი