Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პატიმარი ნანა სანდერი დახმარებას ითხოვს, პენიტენციური მისი უფლებების შელახვას უარყოფს

ნანა სანდერი რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე
ნანა სანდერი რუსთაველის გამზირზე ერთ-ერთ საპროტესტო აქციაზე

2025 წლის 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე მსჯავრდადებული ნანა სანდერი რადიო თავისუფლებას დაუკავშირდა და რუსთავის №5 პენიტენციურ დაწესებულებაში უფლებების დარღვევაზე ისაუბრა.

27 წლის სანდერი დაწესებულების დირექტორს, ნესტან ვერულაშვილს, პენიტენციური სამსახურის უფროსს, გიორგი პატარიძეს, ციხის თანამშრომლებს მიზანმიმართულ ზეწოლაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ არასათანადო მოპყრობის გამო „დაუმორჩილებლობაზე“ გადასვლას აპირებს.

„არ მინდა 27 წლისა ციხეში მოვკვდე, მაგრამ მაიძულებენ“, - ამბობს პატიმარი ნანა სანდერი რადიო თავისუფლებასთან სატელეფონო ზარში.

„საკონცენტრაციო ბანაკში ვარ“- პატიმრის თქმით, მას ეზღუდება ადვოკატთან დაკავშირებისა და გასეირნების უფლება. ის სატელეფონო ზარების შეზღუდვასა და სამედიცინო დახმარების დაგვიანებაზეც საუბრობს. ამბობს, რომ ციხეში შექმნილი პირობების გამო მას და სხვა პატიმრებს უჭირთ ძილი.

ნანა სანდერის ზარი ციხიდან
please wait
ნანა სანდერის ზარი ციხიდან

No media source currently available

0:00 0:01:51 0:00

პატიმრის განცხადებით, ციხის თანამშრომლები მას სისტემატურად უწყობენ პროვოკაციებს და ერთ-ერთი მათგანი გასულ კვირას ფიზიკურადაც შეეხო.

სანდერი ამტკიცებს, რომ „გაუსაძლისი მდგომარეობის“ შესახებ უკვე ცხრა თვეა საუბრობს, პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს, თუმცა უშედეგოდ.

პატიმარი სახალხო დამცველსაც მიმართავს - საჯაროდ ისაუბროს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შექმნილ ვითარებაზე.

ციხეში არსებულ ვითარებაზე მას არაერთი საჩივარი აქვს დაწერილი.

პენიტენციური სამსახურის პოზიცია

სპეციალური პენიტენციური სამსახური უარყოფს ნანა სანდერის განცხადებას. უწყების ინფორმაციით, ციხეში არანაირი ინციდენტი არ მომხდარა და გამორიცხავს თანამშრომლების მხრიდან პატიმართან ფიზიკური შეხებას.

პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სანდერის საკანი ვიდეოსათვალთვალო კამერებით არის აღჭურვილი და ჩანაწერების გამოთხოვის შემთხვევაში კადრებს უფლებამოსილ პირებს გადასცემენ.

უწყების ცნობით, ნანა სანდერი ამჟამად საკუთარ საკანში იმყოფება და მშვიდად არის.

რისთვის იხდის სასჯელს ნანა სანდერი?

2026 წლის 24 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა ნანა სანდერი 2025 წლის 4 ოქტომბრის, ე.წ. მშვიდობიანი დამხობის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში დამნაშავედ ცნო და 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ხელისუფლება 4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებს დანაშაულის აღიარების სანაცვლოდ საპროცესო შეთანხმების გაფორმებას სთავაზობს. ამ შეთავაზებით არაერთმა პატიმარმა უკვე ისარგებლა - შედეგად, პატიმრობის ვადა შეუმცირეს ან გაათავისუფლეს. ნანა სანდერს ამ ეტაპზე საპროცესო შეთანხმების გაფორმების მოთხოვნით არ მიუმართავს.

სანდერი სასამართლო პროცესების განმავლობაშიც აცხადებდა, რომ პატიმრობაში არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი იყო.

ნანა სანდერი 16 წლის განმავლობაში ემიგრაციაში ცხოვრობდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის საპროტესტო მოძრაობაში ჩაერთო.

ფორუმი

​
XS
SM
MD
LG