ტრამპი: რუსეთი აშშ-ს და გლობალურ ბაზრებს დიზელის საწვავს მიაწვდის

სოციალური მედიით გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი ამბობს, რომ "უაღრესად წარმატებული" დისკუსია ჰქონდა პუტინთან.
სოციალური მედიით გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი ამბობს, რომ "უაღრესად წარმატებული" დისკუსია ჰქონდა პუტინთან.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ რუსეთი თანახმაა, აშშ-ს და გლობალურ ბაზრებს დაუყოვნებლივ მიაწოდოს 300 000-ზე მეტი ტონა დიზელი, რაც წარმოადგენს საწვავის ფასების შემცირებისკენ გადადგმულ ნაბიჯს კონგრესის 3 ნოემბრის არჩევნების წინ.

დიზელის საწვავის ფასები სარეკორდოდ მაღალ ნიშნულს მიუახლოვდა. დიზელი გამოიყენება სოფლის მეურნეობაში, საცხოვრებელი სახლების გასათბობად და ტვირთების გადასაზიდი ტრანსპორტისთვის.

სოციალური მედიით გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპი ამბობს, რომ "უაღრესად წარმატებული" დისკუსია ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან, და შეთანხმდნენ, რომ რუსეთი დიზელის მიწოდებას დაუყოვნებლივ დაიწყებს.

პუტინის წარმომადგენელმა კირილ დმიტრიევმა პლატფორმა X-ზე შეაქო დიზელისა და ენერგიის სფეროში თანამშრომლობა რუსეთსა და აშშ-ს შორის.

ტრამპის თქმით, რუსეთი 500 000 ტონა დიზელს გაიღებს ნოემბერშიც და კიდევ 1 000 000 ტონას - "ამის შემდეგ, დაუყოვნებლივ".

ამას, შესაძლოა, კიდევ უფრო მეტი საწვავის მიწოდება მოჰყვეს. ტრამპის თქმით, ეს დამოკიდებული იქნება "მათი დიზელის გადამამუშავებელი საწარმოების მდგომარეობაზე". ეს საწარმოები რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის მიმდინარეობისას დაზიანდა.

სააგენტო Reuters-ი აღნიშნავს, რომ ამ უჩვეულო ნაბიჯს წინ უძღოდა აშშ-ის მიერ რუსეთის ენერგეტიკული კომპანიებისთვის სანქციების დაწესება მოსკოვის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გამო. აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ 9 ოქტომბერს გამოაქვეყნა ზოგადი ლიცენზია, რომელიც რუსული დიზელის იმპორტზე ნებართვას გასცემს მომავალი წლის 7 აპრილამდე.

დიზელის ფასი - რასაც ინფლაციის გამოწვევა შეუძლია - 70 პროცენტითაა გაზრდილი მას მერე, რაც მიმდინარე წელს აშშ-მა და ისრაელმა ირანთან ომი დაიწყეს.

ტრამპმა შეთანხმება დაუკავშირა დიზელის საწვავზე გლობალური ფასების შემცირების მიზანს. მისი თქმით, აშშ-ის მხრიდან ჰორმუზის სრუტის კონტროლისა და რუსეთის მიერ მიწოდებების განახლების ფონზე ფასები სწრაფად დაიკლებს.

საკუთრივ რუსეთში დიზელის საწვავის ექსპორტზე აკრძალვაა დაწესებული.

ოქტომბრის დასაწყისში პუტინმა კომენტარი გააკეთა უკრაინის წინადადებაზე ენერგეტიკული ზავის შესახებ - თქვა, რომ რუსეთს საკმარისი რაოდენობის დიზელი აქვს, მაგრამ მსოფლიო ბაზარზე მის მიწოდებას დასავლეთის სანქციები უქმნის წინაღობას.

პუტინი მაშინ ამბობდა, რომ რუსეთი ვერ ხედავს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე დარტყმების შეწყვეტის აზრს უკრაინის მხრიდან რუსეთის ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოებზე თავდაუსხმელობის სანაცვლოდ, რადგან სანქციები ისედაც არ უშვებს საწვავის ექსპორტს.

​
XS
SM
MD
LG