Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზაპოროჟიეზე რუსეთის საჰაერო შეტევის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

მაშველები რუსეთის იერიშის შემდეგ. ზაპოროჟიე, 10 ოქტომბერი, 2026.
მაშველები რუსეთის იერიშის შემდეგ. ზაპოროჟიე, 10 ოქტომბერი, 2026.

10 ოქტომბერს დილით ზაპოროჟიეზე რუსეთის ჯარების მიერ განხორციელებული დარტყმის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ამის შესახებ ზაპოროჟიეს ოლქის თავდაცვის საბჭოს თანათავმჯდომარემ ივან ფედეროვმა დაწერა.

კიდევ 16 ადამიანი დაიჭრა, მათ შორის სამი ბავშვი. ორი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია, დანარჩენები - საშუალო სიმძიმის. მაშველები ნანგრევების გაწმენდას განაგრძობენ.

უკრაინის ეროვნული პოლიციის მონაცემებით, რუსეთის სამხედროებმა ქალაქში ხუთი მართვადი ავიაბომბი ჩამოაგდეს. ორი მათგანი მრავალსართულიან სახლებს მოხვდა. 14 ადამიანის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურმა განაცხადა საცხოვრებელი სახლის ერთ-ერთი სადარბაზოს სრული დანგრევის შესახებ. ზაპოროჟიეს საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხაილო სემიოკინმა დაწერა, რომ დარტყმა განხორციელდა ხუთსართულიან შენობაზე, სადაც კონსტრუქციები მეორე სართულის დონეზე ჩამოინგრა.

წინასწარი მონაცემებით, დაზიანებულია სულ მცირე 26 საცხოვრებელი სახლი, მათ შორის 23 მრავალბინიანი და სამი კერძო, შევჩენკოსა და ვოზნესენოვკის რაიონებში. სამი სახლი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

11 ოქტომბერი ქალაქში გლოვის დღედ გამოცხადდა.

უკრაინის სამხედრო-საჰაერო ძალების მონაცემებით, 9-10 ოქტომბრის ღამეს რუსეთმა ქვეყანას 160 დრონით შეუტია. დილის მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო ან ჩაახშო 117 მათგანი, მათ შორის 82 რეაქტიული „შაჰედი“. მოხვედრა დაფიქსირდა 14 ადგილზე, ნამსხვრევების ჩამოვარდნა - კიდევ ათზე.


ფორუმი

​
XS
SM
MD
LG