“ჩვენ ნათლად შეშფოთებული ვართ მოვლენების განვითარებით თქვენს მშვენიერ ქვეყანაში. შეშფოთებული ვართ ადამიანის უფლებათა ხელყოფით, შეშფოთებული ვართ დემოკრატიის მდგომარეობით... დღევანდელ საქართველოში ადამიანები ციხეში მიდიან ტროტუარზე დგომის გამო, ადამიანებს საპატიმროში უშვებენ ფეისბუკპოსტებისთვის. საქართველოდან განდევნეს ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების ფონდები, რომლებიც ყოველთვის უჭერდნენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და განვითარებას. ამიტომ ევროკავშირის მინისტრები მომავალ ორშაბათს კიდევ ერთხელ განიხილავენ საქართველოში გაუარესებულ სიტუაციას”, - განაცხადა ელჩმა ჰერჩინსკიმ ჟურნალისტების მიერ დასმული შეკითხვებზე პასუხის გაცემისას კახეთში, სადაც ევროპის დღე აღინიშნება.
მედიამ ელჩს სთხოვა განმარტება გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებასთან დაკავშირებით, რომ "საქართველო კანდიდატი ქვეყანაა მხოლოდ ქაღალდზე".
“რაც გაფართოების საკითხების ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა, გულსატკენია და პირადად ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. მაგრამ ეს არის ამჟამინდელი ხელისუფლების მუდმივი ქმედებების, კანონმდებლობისა და ანტიევროპული რიტორიკის შედეგი. სამწუხაროდ, ამას მოჰყვება შედეგები“, - პაველ ჰერჩინსკის თქმით, სავარაუდოდ 28 ოქტომბერს გამოქვეყნდება ევროკომისიის მორიგი ანგარიში გაფართოების შესახებ.
„დაველოდოთ, თუ რა იქნება კონკრეტული მესიჯი“ - ელჩმა აღნიშნა, რომ ვითარება არ გამოსწორებულა შარშან ბოლო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ და პირიქით - ვითარება გაუარესებულია ფუნდამენტური თავისუფლებების მიმართულებით.
პაველ ჰერჩინსკიმ “უპრეცედენტო შეტევა” უწოდა ხელისუფლების წარმომადგენლების ბოლო დღეების განცხადებებს ევროკავშირზე, ევროკავშირის ინსტიტუტებზე, ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებსა თუ ევროპარლამენტზე.
ხელისუფლების ბრალდებების შინაარსთან დაკავშირებით ელჩმა ასევე განმარტა, რომ ევროკავშირი არასოდეს დგას ძალადობის უკან:
“ევროკავშირი არასოდეს უჭერდა მხარს ძალადობას - საქართველოში თუ სხვაგან. რასაც მხარს ვუჭერთ, ეს არის ადამიანის ღირსება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა. და ეს არის ის, რის დახმარებასაც განვაგრძობთ”.
ელჩი ამბობს, რომ თბილისში არ უსმენენ ევროკავშირის მოწოდებებს, რაც უკვე წლებს ითვლის.
“უკვე 2,5 წელია, საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდებთ შეცვალოს ტრაექტორია, თუკი, რა თქმა უნდა, დაინტერესებული არიან, თუკი სერიოზულად არიან დაინტერესებული ევროკავშირში გაწევრიანებით. 2024 წლის ივნისში გამოქვეყნდა ევროპული საბჭოს ძალიან ნათელი დასკვნები, მხარდაჭერილი ყველა წევრი ქვეყნის მიერ - თუ რა უნდა გააკეთოს საქართველოს ხელისუფლებამ… ყველა ჩვენი მოწოდება უგულებელყოფილ იქნა”, - უთხრა ელჩმა ჰერჩინსკიმ კახეთში ევროპის დღის აღსანიშნავად შეკრებილ ჟურნალისტებს.
თბილისისა და ბათუმის შემდეგ ევროპის დღე 10 ოქტომბერს კახეთში აღინიშნება. "ევროპის დღე 2026-ზე" დასწრება თავისუფალია ყველა მსურველისთვის. როგორც კახეთიდან იტყობინება რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, ღონისძიების გახსნაზე არ გამოჩენილან “ქართული ოცნების” ხელისუფლების წარმომადგენლები.
ფორუმი