ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ აკრძალვის შესახებ 9 ოქტომბერს შეიტყო, როდესაც კოლეგებმა "როსპოტრებნადზორის" განცხადების ტექსტი გაუგზავნეს; მაგრამ მისთვის ჯერ ეს ისევ "ახალი ამბავია" და ბევრი რამ ჯერ ისევ ბუნდოვანია; ასე მაგალითად: ეკრძალება თუ არა კომპანიას ყველა დასახელების ღვინის გატანა ანდა რა ბედი ელის უკვე შეტანილ ღვინოს.
“[როსპოტრებნადზორის] განცხადების საფუძველზე უნდა შეწყდეს რეალიზაცია ქვეყნის შიგნით, მაგრამ ხდება თუ არა ეს ჯერჯერობით ნამდვილად არ ვიცით…
გვახსოვს 2006 წლის ემბარგო და მაშინ რუსეთიდან ჩვენი პროდუქცია უკან არ დაბრუნებულა”, - გვეუბნება მარგველაშვილი.
სავაჭრო ქსელების ინფორმაციაზე დაყრდნობით, რუსული მედია წერს, რომ აკრძალული ქართული პროდუქცია დახლებიდან იხსნება.
“თბილღვინოს” ხელმძღვანელის თანახმად, ამჯერად, კომპანიისთვის ზარალი დიდი არ იქნება, რადგან, მთლიანობაში, კომპანიის გაყიდვებში “რუსეთის ბაზარი 3%-ს არ აღემატება” და ძირითადი ორიენტირი ახლა ევროპული ქვეყნები და სწრაფად განვითარებადი ბაზრებია.
მარგველაშვილის "არასრული ჩამონათვალით", ამჟამად “თბილღვინოს” პროდუქცია იყიდება შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი, უკრაინა, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, სკანდინავიის ქვეყნები, კანადა, ყაზახეთი, ბელარუსი, კორეა, იაპონია, ჩინეთი.
“დიდ ბრიტანეთში, ბოლო რამდენიმე წელია, ყველაზე მოთხოვნადი ქართული ღვინო ვართ”, - ეუბნება თბილღვინოს პრეზიდენტი რადიო თავისუფლებას.
გიორგი მარგველაშვილი ყოველთვის მკაფიოდ უჭერდა მხარს საქართველოს ევროპულ არჩევანს.
10 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ რუსეთმა საქართველოდან ალკოჰოლური და მინერალური სასმელების შეტანა აკრძალა. მიზეზად “ფიზიკურ-ქიმიურ მაჩვენებლებთან და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამობა” დასახელდა.
წინასწარი ინფორმაციით, როსპოტრებნადზორმა აკრძალვა დააწესა - მინერალურ წყალ “ნაბეღლავსა” და საქართველოში წარმოებულ “კოკა-კოლაზე”; ასევე - „თელიანი ველის“, „თბილღვინოსა“, „ვაინმენის“, „ასკანელი ძმებისა“ და „ქართული ლუდის კომპანიის“პროდუქციაზე.
ფორუმი