10 ოქტომბერს, აქციის მონაწილეებმა, საქართველოს, უკრაინის, ევროკავშირისა და აშშ-ის დროშებით, ისევ გაიარეს გზა ავლაბრის მეტროდან რუსთაველის გამზირისკენ. მარშრუტი შეიცვალა მას შემდეგ, რაც რუსთაველის გამზირი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გადაიკეტა.
“დამოუკიდებელ საქართველოს გაუმარჯოს!”, "აფხაზეთი საქართველოა!", "დიდება გმირებს!" - ისმოდა ტრადიციული შეძახილები.
შაბათის მარშის მონაწილეებს პატიმარ გიორგი დავითაძის დამ მიმართა და ყველა პატიმრის მხარდაჭერა სთხოვა:
,,მინდა გთხოვოთ მხარდაჭერა და სოლიდარობა იმ პატიმრების მიმართ, ვინც არიან მსხვერპლნი სისტემის მხრიდან არიან ჩაგრულები… თქვენი მხარდაჭერის გარეშე ისინი გააგრძელებენ წამებას ციხეებში და [პატიმრები] დარჩებიან დაუცველები”.
მან მადლობა გადაუხადა საზოგადოებას გვერდში დგომისთვის და განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა “სინდისის პატიმრებისა და მათი მშობლების” მიმართ.
10 ოქტომბერს, დღის პირველ ნახევარში, პროკურატურამ განაცხადა, რომ მსჯავრდადებულ გიორგი დავითაძის ბრალდებებთან დაკავშირებულ საგამოძიებო პროცესში დარღვევები ვერ აღმოაჩინა და დაადგინა, რომ პატიმრის წინააღმდეგ “პირადი შემოწმების მიზნით” გამოყენებულ იქნა “იძულების პროპორციული ზომა”.
რუსთავის N6 საპატიმროში მყოფი პატიმარი და მისი ოჯახის წევრები ციხის თანამშრომლებს სექსუალური ხასიათის ძალადობაში ადანაშაულებენ. პატიმარმა სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ დეესკალაციის ოთახში მოხდა მისი გაუპატიურება თითის გამოყენებით.
შაბათის მარშების ტრადიციას 2025 წლის მიწურულს ჩაეყარა საფუძველი, როდესაც უწყვეტ პროტესტში ჩართულმა ადამიანებმა - შაბათობით გამართულ მარშებზე მიმდინარე პერიოდის მნიშვნელოვანი და საჭირბოროტო თემების შერჩევა და შესაბამისი მოთხოვნების წამოყენება თუ პროტესტისა თუ მხარდაჭერის დემონსტრირება დაიწყეს.
- შაბათის მარშების პირველი თემა BBC-ის ჟურნალისტურ გამოძიებას უკავშირდებოდა. პროტესტის მონაწილეები მოითხოვდნენ ობიექტურ გამოძიებას იმის დასადგენად, თუ რა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა ხელისუფლებამ დემონსტრანტების წინააღმდეგ 2024-2025 წელს გამართულ ხალხმრავალ აქციებზე.
- სხვადასხვა დროს აპროტესტებდნენ პოლიციელების მხრიდან ძალადობას თუ დაპატიმრებული კონკრეტული ადამიანების მიმართ მოპყრობას. პროტესტის მონაწილეები მხარს უჭერდნენ დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვებს, როდესაც ისინი ხელისუფლებისგან წამალს ითხოვდნენ.
უწყვეტი საპროტესტო აქციები დაიწყო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, 2024 წლის 28 ნოემბერს, როდესაც “ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო ევროკავშირში გაწევრებისთვის აუცილებელ შემდეგი ნაბიჯის გადადგმას [გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება] დღის წესრიგიდან ხსნიდა, 2028 წლის ბოლომდე.
ფორუმი